ახალი ამბები

რუსეთი უკრაინას სევასტოპოლის პორტში შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში ადანაშაულებს

29 ოქტომბერი, 2022 • 835
რუსეთი უკრაინას სევასტოპოლის პორტში შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში ადანაშაულებს

რუსეთი უკრაინას სევასტოპოლის პორტში შავი ზღვის ფლოტზე დრონებით ფართომასშტაბიან თავდასხმაში ადანაშაულებს. როგორც BBC წერს, რუსული მხარის განცხადებით, შეტევა ღამით, 4:20 წუთზე დაიწყო და მასში 9 საჰაერო და 7 საზღვაო დრონი მონაწილეობდა.

რუსული მხარის თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სულ მცირე ერთი საბრძოლო ხომალდი. BBC-ს თქმით, უკრაინულ მხარეს ამ დრომდე აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

როგორც სევასტოპოლში რუსეთის მიერ დანიშნული გუბერნატორი მახიალ რაზვოჟაევი აცხადებს, რუსეთის ფლოტმა შეტევა მოიგერია და აღნიშნა, რომ ეს ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარი უკრაინაში შეიჭრა. რაზვოჟაევის თქმით, ყველა უპილოტო საფრენი აპარატი რუსულმა მხარემ ჩამოაგდო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მომხდარის შედეგად არ დაზიანებულა.

სევასტოპოლი ყირიმის ნახევარკუნძულზე ყველაზე დიდი ქალაქია, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. BBC აღნიშნავს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უკრაინელების სამიზნე აპრილში გახდა, როცა კრეისერი „მასკვას“ ჩაძირვა შეძლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი