ახალი ამბები

აშშ რუსეთს საპასუხო რეაქციით აფრთხილებს, თუ ის მიზანში ამოიღებს კომერციულ სატელიტურ თანამგზავრებს

28 ოქტომბერი, 2022 • 860
აშშ რუსეთს საპასუხო რეაქციით აფრთხილებს, თუ ის მიზანში ამოიღებს კომერციულ სატელიტურ თანამგზავრებს

აშშ საპასუხო გაფრთხილებას გასცემს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადების შემდეგ, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, მოსკოვის “ლეგიტიმური” სამიზნე გახდეს დასავლეთის კუთვნილი კომერციული სატელიტური თანამგზავრები.

“უბრალოდ ვიტყოდი, რომ აშშ-ის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ თავდასხმას მოჰყვება პასუხი და ეს პასუხი იქნება იმ საფრთხის შესაბამისი, რომელიც ჩვენს ინფრასტრუქტურას დაემუქრება”, – თქვა ხუთშაბათს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს კომუნიკაციების დირექტორმა ჯონ კირბიმ.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ დასავლეთის კუთვნილი კომერციული სატელიტები, შესაძლოა, მოსკოვის “ლეგიტიმური” სამიზნე გახდეს, თუ ისინი უკრაინაში მიმდინარე ომში იქნებიან ჩართულნი.

მას არ დაუკონკრეტებია, რომელ კომპანიებს გულისხმობს, თუმცა საუბარია, სავარაუდოდ, ილონ მასკის/Space X-ის „სტარლინკებსა“ და კომპანია MAXAR-ის სატელიტებზე.

“გვინდა ხაზი გავუსვათ უკიდურესად საშიშ ტენდენციას, რომელიც აშკარად გამოიხატა უკრაინაში განვითარებული მოვლენების დროს.

ვგულისხმობთ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ შეიარაღებული კონფლიქტისას სამოქალაქო კომერციული ინფრასტრუქტურის კომპონენტების გამოყენებაზე კოსმოსში.

კვაზისამოქალაქო ინფრასტრუქტურა შეიძლება აღმოჩნდეს საპასუხო დარტყმის ლეგიტიმური სამიზნე”, — დასძინა კონსტანტინ ვორონცოვმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუვრცელებლობისა და შეიარაღების კონტროლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

რამდენიმე კვირის წინ ამერიკული კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები ცდილობენ, Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტსისტემა გათიშონ.

„სტარლინკი“ 2000-ზე მეტი სატელიტისგან შემდგარი სისტემაა, რომელსაც მიწაზე ათასობით ტერმინალი აქვს.

სისტემა უკრაინაში 2022 წლის თებერვლიდან ფუნქციონირებს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო საჭიროებებისთვის მას შემდეგ, რაც რუსეთის შეჭრამ ტრადიციული ინტერნეტსერვისების მუშაობა შეაფერხა.

მასკმა გასულ კვირას განაცხადა, რომ SpaceX-ის “სტარლინკების” სერვისებს არ მიუღიათ არანაირი დაფინანსება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისგან.

უკანასკნელ პერიოდში, მას შემდეგ, რაც მასკმა უკრაინის “სამშვიდობო გეგმა” გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ეს უკანასკნელი ნეიტრალური სახელმწიფო უნდა გახდეს, ყირიმი რუსეთს გადაეცეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფედენუმი ჩატარდეს, კიევსა და მილიარდერს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

საბოლოოდ მასკმა განაცხადა, რომ გააგრძელებს “სტარლინკის” სატელიტური ინტერნეტით უკრაინის უფასოდ მხარდაჭერას.

„ჯანდაბას… მიუხედავად იმისა, რომ სტარლინკი ფულს კარგავს და სხვა კომპნიები მილიარდობით იღებენ გადასახადების გადმხდელების ფულს, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობის დაფინანსებას უფასოდ”, – დაწერა მასკმა ტვიტერზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი