ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა საბოლოოდ შეიძინა სოციალური ქსელი „ტვიტერი“. გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა დიდხნიანი პროცესი, მასკმა რამდენჯერმე სცადა, ყიდვის ხელშეკრულება თავიდან აეცილებინა.

ამასთანავე, როგორც CNN  წერს, მასკმა გაათავისუფლა აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი და ხელმძღვანელობის კიდევ ორი წარმომადგენელი.

„ჩიტი გათავისუფლებულია“ — დაწერა მასკმა ტვიტერზე.

აპრილში „ტვიტერის“ მმართველთა საბჭო დათანხმდა მასკის შეთავაზებას, $44 მილიარდად შეისყიდოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პლატფორმა. მოგვიანებით, მასკმა თქვა, რომ შეძენა გადაიფიქრა, თუმცა საბოლოოდ იძულებული გახდა, გარიგება ბოლომდე მიეყვანა.

ამრიგად, ილონ მასკი პასუხისმგებელი ხდება ქსელზე, რომელსაც ამ დრომდე არაერთგზის აკრიტიკებდა თავისი პოლიტიკის გამო, აღნიშნავდა, რომ „ტვიტერი“ საკმარისად არ იყენებდა თავისი, როგორც „სიტყვის თავისუფლების“ პლატფორმის პოტენციალს.

ამერიკული კონსერვატიული ძალები „ტვიტერის“ აქამდე არსებულ მენეჯმენტს ადანაშაულებდნენ კონსერვატორთა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სოციალურმა ქსელმა სამუდამოდ დაბლოკა აშშ-ის უკვე ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ცნობილი ფაქტია, რომ ილონ მასკი სამუდამოდ დაბლოკვის პოლიტიკას არ ემხრობა და უფრო მეტი „სიტყვის თავისუფლების“ მომხრეა.

ამ თემაზე წაიკითხეთ ვრცლად:

მასკი “ტვიტერს” ყიდულობს: რას შეცვლის ეს