საზოგადოება

მასკი “ტვიტერს” ყიდულობს: რას შეცვლის ეს

26 აპრილი, 2022 • 1780
მასკი “ტვიტერს” ყიდულობს: რას შეცვლის ეს

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი “ტვიტერს” ყიდულობს. კომპანიის მმართველთა საბჭო დათანხმდა მასკის შეთავაზებას, $44 მილიარდად შეისყიდოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პლატფორმა.

ამრიგად, ილონ მასკი პასუხისმგებელი ხდება ქსელზე, რომელსაც ამ დრომდე არაერთგზის აკრიტიკებდა თავისი პოლიტიკის გამო, აღნიშნავდა, რომ “ტვიტერი” საკმარისად არ იყენებდა თავისი, როგორც “სიტყვის თავისუფლების” პლატფორმის პოტენციალს.

ხსენებულმა ტრანზაქციამ მრავალი კითხვა გააჩინა “ტვიტერის” მომავალთან დაკავშირებით. არის ინტერესი, შეიცვლება თუ არა პლატფორმის პოლიტიკა, გაგრძელდება თუ არა სიძულვილის ენასთან ბრძოლა და დაბრუნდება თუ არა “ტვიტერზე”, მაგალითად, დონალდ ტრამპი, წარსულში გაუქმებულ სხვა ანგარიშებთან ერთად.

“ტვიტერის” ქაოსური ისტორია

“ტვიტერი” 2006 წელს დაარსდა აშშ-ში, კალიფორნიის ქალაქ სან-ფრანცისკოში.  217 მილიონი ყოველდღიური მომხმარებლით ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სოცქსელია მსოფლიოში.

ამ ხნის მანძილზე “ტვიტერს” პრაქტიკულად არასდროს აკლდა გაურკვევლობა. საერთაშორისო მედიის არქივი სავსეა როგორც დადასტურებული ცნობებით, ისე მოარული ამბებით სოციალური მედიის ამ პლატფორმის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ.

“ტვიტერი” მუდმივად იყიდებოდა ნაწილობრივ ტექნიკური მიზეზების გამო. ზოგიერთი კომპანიისგან განსხვავებით, “ტვიტერს” არ გააჩნია სპეციალური ტიპის აქციები, რომლებიც მის დამფუძნებლებს გაყიდვაზე ვეტოს დადების უფლებამოსილებას აძლევს.

და მაინც, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, “ტვიტერი” კარგა ხნის მანძილზე ვერ გაიყიდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად განიხილებოდა ის, რომ პლატფორმა უბრალოდ ვერ გამოიმუშავებდა საკმარის ფულს თავისი მომხმარებლებისგან, ეს გარემოება კი კითხვებს აჩენდა ინვესტორთა შორის.

“ტვიტერის” სათაო ოფისი. ფოტო: EPA

“თითქმის მთელი თავისი 16-წლიანი არსებობის მანძილზე Twitter-ს ჰქონდა რეპუტაცია, რომ ვერ შეძლო თავისი პოტენციალის რეალიზება, მას კი შეუძლია, გაცილებით მეტი იყოს.

“ტვიტერის” თავსატეხი არის ის, რომ ფართოდ არის ცნობილი, მაგრამ არც ისე ფართოდ გამოყენებული, ფინანსურად წარმატებული, მაგრამ არა — უკიდურესად, ზოგჯერ კომპეტენტურად, მაგრამ ასევე — ქაოსურად მართული და ამაღელვებლად, თუმცა, ამავე დროს, საშიშად გავლენიანი”, — წერს New York Times.

მეორე მხრივ, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს და რა უნდა იყოს “ტვიტერი”: ზოგიერთს სჯერა, რომ პლატფორმაზე საკმარისზე მეტად კონტროლდება მომხმარებელთა მიერ გამოქვეყნებული მასალები, სხვანი კი ფიქრობენ, რომ პირიქით, მან მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს სიძულვილის ენასთან ბრძოლის კუთხით.

მეორე მხრივ, იყო მოსაზრებები, რომ “ტვიტერს” განსხვავებული მენეჯმენტი სჭირდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი საუბარი იყო მეტად სპეციფიკური ცვლილებების საჭიროებაზე, მათ შორის, უკვე გამოქვეყნებული პოსტის ჩასწორების შესაძლებლობის დაშვებაზე.

“ტვიტერის” დაფუძნების მე-16 წელს პლატფორმის გაყიდვაზე შეთანხმება შედგა, მისი მთავარი ფიგურანტი კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკია.

როგორ შედგა შეთანხმება

თუ”ტვიტერის” გაყიდვის გრძელ, ზოგჯერ მოსაბეზრებლად კომპლექსურ მცდელობებს გადავხედავთ, გაკვირვებას იწვევს ტემპი, რომლითაც მიაღწიეს სოციალური მედიის პლატფორმის გაყიდვის შეთანხმებას.

აპრილის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკმა “ტვიტერის” აქციების 9.2% შეიძინა, რის შემდეგაც პლატფორმის უმსხვილეს აქციონერად იქცა.

უკვე 14 აპრილს მასკმა გაახმიანა “ტვიტერის” მთლიანად, $43 მილიარდად შესყიდვის შეთავაზება, მიიჩნია რა, რომ სწორედ ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია პლატფორმის “არაჩვეულებრივი პოტენციალის” გამოყენება.

თავდაპირველად ჩანდა, რომ “ტვიტერის” მმართველთა საბჭო შეთავაზების წინააღმდეგი იყო. მან აამოქმედა “შხამიანი აბის” სახელწოდებით ცნობილი შემაკავებელი ზომა, რომელიც პოტენციური მყიდველისთვის კომპანიის შესყიდვას მეტად ძვირსა და ნაკლებად მომხიბვლელს ხდის.

ილონ მასკი

თუმცა, როგორც The Guardian წერს, საბჭოს თავდაპირველი თავშეკავება გაქრა მას შემდეგ, რაც მასკმა დაადასტურა გეგმა, თუ როგორ აპირებდა პლატფორმის შესყიდვას — $21 მილიარდს თავისი ჯიბიდან გადაიხდიდა, დანარჩენს კი სესხად აიღებდა სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან.

საბოლოოდ, შეთანხმება შედგა. ტრანზაქცია ერთხმად დამტკიცდა დირექტორთა საბჭოს მიერ. პროცესი, სავარაუდოდ, წელსვე, ფორმალური პროცედურების ამოწურვის შემდეგ დასრულდება.

“ტვიტერს აქვს მიზანი და რელევანტურობა, რომელიც გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე… ვამაყობ ჩვენი გუნდით და შთაგონებული ვარ მუშაობით, რომელიც არასოდეს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი”, — დაწერა “ტვიტერის” მოქმედმა აღმასრულებელმა დირექტორმა, პარაგ აგრავალმა, შეთანხმების დადასტურების შემდეგ.

ვინ და რატომ აკრიტიკებს მასკის ხედვებს

ილონ მასკი, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს “სიტყვის თავისუფლების აბსოლუტისტს”, აპირებს, შეამსუბუქოს მომხმარებელთა მიერ პლატფორმაზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსთან დაკავშირებული შეზღუდვები. ის მრავალგზის აკრიტიკებდა  პოლიტიკას, რომლითაც “ტვიტერი” აღნიშნულ მასალებს არეგულირებს.

მასკს ასევე სურს, პლატფორმა ყალბი და ავტომატიზებული ანგარიშებისგან, ე.წ. ბოტებისგან გათავისუფლდეს და შეიცვალოს შემოსავლის მოდელი, რომელიც წლებია, რეკლამას ეფუძნება. მასკის ხედვით, “ტვიტერი” კერძო კომპანია უნდა გახდეს.

ილონ მასკი ფიქრობს, რომ “სიტყვის თავისუფლება მოქმედი დემოკრატიის საფუძველია”, ხოლო “ტვიტერი” არის სივრცე, სადაც “კაცობრიობის მომავლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები” განიხილება.

“ტვიტერს უზარმაზარი პოტენციალი აქვს – მოუთმენლად ველი კომპანიასთან და მომხმარებლებთან ერთად მუშაობას მისი განბლოკვის მიზნით”, — დაწერა მასკმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე, სადაც 80 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

მასკი ფიქრობს, რომ სოცუალურმა ქსელებმა არ უნდა წაშალონ ისეთი კომენტარები, რომლებიც შეურაცხყოფელია, თუმცა არ ეწინააღმდეგება კანონს.

გასულ თვეში მასკმა თავის გამომწერებს ჰკითხა, ფიქრობდნენ თუ არა, რომ “ტვიტერი” ხელს უწყობს გამოხატვის თავისუფლებას. მანვე იკითხა, ხომ არ არის საჭირო ახალი პლატფორმა, ხომ არ კვდება “ტვიტერი” და უნდა გადაკეთდეს თუ არა მისი სათავო ოფისი უსახლკაროთა თავშესაფრად.

ყოველივე ამის ფონზე, მასკი რეგულარულად ბლოკავს იმ მომხმარებლებს, რომლებიც აკრიტიკებენ მას ან მის კომპანიას და, როგორც The Guardian წერს, აღნიშნული პლატფორმა კრიტიკოსი ჟურნალისტების ბულინგისთვისაც გამოუყენებია.

ილონ მასკს “ტვიტერზე” 80 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. 

ადამიანის უფლებათა დამცველებს მიაჩნიათ, რომ მოდერაციის(გამოქვეყნებული მასალების რეგულირების) ნაკლებობა, შესაძლოა, სიძულვილის ენის ზრდის განმაპირობებელი გახდეს.

ასევე არსებობს კითხვები, მასკის მიერ პლატფორმის შესყიდვის შემდეგ, დააბრუნებს თუ არა “ტვიტერი” მომხმარებელთა ანგარიშებს, რომლებიც პლატფორმის წესებთან შეუსაბამობის გამო წაშალეს.

“ორი სიტყვა: ტექნიკური ტვიტერი” — ასე გამოეხმაურა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “ამნესთი ინთერნეიშენალი” ხსენებულ შეთანხმებას.

“ჩვენ შეშფოთებული ვართ ნებისმიერი ნაბიჯით, რომელიც, შესაძლოა, “ტვიტერმა” გადადგას მომხმარებლების დასაცავად ჩამოყალიბებული პოლიტიკისა და მექანიზმების აღსრულების შესამცირებლად.

„უკანასკნელი რამ, რაც ჩვენ გვჭირდება, არის “ტვიტერის” მიერ განზრახ თვალის დახუჭვა ძალადობრივ და შეურაცხმყოფელ გზავნილებზე მომხმარებელთა… მათ შორის ქალების, არაბინარული ადამიანებისა და სხვათა მიმართ”, — ამბობენ ორგანიზაციაში.

ამჟამინდელი პოლიტიკის ფარგლებში “ტვიტერი” კრძალავს შევიწროებას, შეურაცხყოფას და და ფიზიკური ზიანის მიყენების სურვილის შემცველ პოსტებს. მან ასევე აკრძალა, მაგალითად, COVID-19-თან დაკავშირებული ყალბი ინფორმაცია.

როგორც NPR წერს, სოციალურ მედიაზე მომუშავე ექსპერტები შიშობენ, რომ აღნიშნული რეგულაციების შესუსტებამ, შესაძლოა, გზა გაუხსნას დეზიონფორმაციას, ასევე, მოძალადეებს, ტროლებსა და სხვებს, რომლებიც პლატფორმას ადამიანთა მიზანში ამოსაღებად იყენებენ.

კითხვები ტრამპის დაბრუნებაზე, ჩასწორების ფუნქციასა და სხვა თემებზე

არსებობს უფრო კონკრეტული საკითხები, რომლებიც გააქტიურდა მასკის მიერ “ტვიტერის” ყიდვასთან დაკავშირებული შეთავაზების გახმიანების შემდეგ. მათ შორისაა დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბრუნების პერსპექტივა.

ტრამპის ანგარიში “ტვიტერიდან” წაშალეს 2021 წელს, მისი მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობის შტურმის შემდეგ. ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ შეზღუდვა რომც მოხსნან, ის “ტვიტერზე” დაბრუნებას არ გეგმავს. ამის მაგივრად ტრამპი კონცენტრირდება მის მიერვე დაფუძნებულ ახალ პლატფორმაზე, Truth Social-ზე.

მეორე მხრივ, ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-ს უთხრა, რომ ილონ მასკი “კარგი კაცია” და  “ტვიტერს” გააუმჯობესებს.

მიუხედავად დონალდ ტრამპის უარისა, არსებობს მოსაზრება, რომ ის მაინც დაბრუნდება “ტვიტერზე” იმ შემთხვევაში, თუ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს.

დონალდ ტრამპი

“მარტივი არ არის, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებამდე ააშენო პლატფორმა, რომელსაც ტვიტერზე მეტი გავლენა ექნება”, — უთხრა BBC-ს ტექნოლოგიების სპეციალისტმა მინგ-ჩი კუომ.

კიდევ ერთი კითხვა უკავშირდება ფუნქციას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ჩაასწორონ მათ მიერ გამოქვეყნებული მასალები. ამჟამად “ტვიტერი” აღნიშნულის შესაძლებლობას არ იძლევა.

ილონ მასკი ამბობს, რომ მხარს უჭერს ამ ფუნქციის დამატებას. აზრი აქაც ორად იყოფა: ნაწილი ფუნქციას აღიქვამს მანიპულაციების საშუალებად და ფიქრობს, რომ ეს ცვლილება საშუალება მისცემს ზოგიერთ მომხმარებელს, დაფაროს წარსულში მის მიერვე გამოვლენილი ძალადობა თუ შევიწროება.

ცვლილების მომხრეები კი ფიქრობენ, რომ ჩასწორების ღილაკის დამატება კარგი იქნება, მაგალითად, ტექსტებში დაშვებული სტილისტური შეცდომების გასასწორებლად, პოსტის თავდაპირველი ვერსიის შენარჩუნება კი შესაძლებელია, თუ ჩასწორებების ისტორიის კატეგორია შეიქმნება.

ზოგიერთი კრიტიკოსი “ტვიტერს” ტოვებს, ზოგი — იცდის

ჯერაც ბუნდოვანია, როგორ შეცვლის ილონ მასკის პოლიტიკა “ტვიტერს” და როგორ წარიმართება მისი გეგმების აღსრულების პროცესი.

“ერთადერთი გამოსავალი, რომელსაც ვენდობი” — ასე დაახასიათა “ტვიტერის” თანადამფუძნებელმა და მმართველთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ჯედ დორსიმ ილონ მასკი.

დორსის სიტყვებით, მოხარულია, რომ პლატფორმა მომავალშიც მოემსახურება საზოგადოებრივ დისკუსიას. მისი თქმით, “ილონის მიზანი”, შექმნას პლატფორმა, რომელიც იქნება “მაქსიმალურად სანდო და ფართოდ ინკლუზიური”, არის სწორი.

დორსის მიერ “ტვიტერზე” გამოქვეეყნებულ ამ პოსტებს თან ერთვის ცნობები “ტვიტერის” აღმასრულებელი დირექტორის, პარაგ აგრავალის მიერ თანამშრომლებისადმი მიმართვის შესახებ. პაგრავალმა მათ უთხრა, რომ “ტვიტერის” სამომავლო მიმართულება ბუნდოვანია.

ჯეს დორსი

“როდესაც გარიგება დაიხურება, ჩვენ არ ვიცით, რა მიმართულებით წავა პლატფორმა”, — ციტირებს აღმასრულებელ დირექტორს სააგენტო Reuters.

თავის მხრივ, ილონ მასკი იმედს გამოთქვამს, რომ “ტვიტერზე” დარჩებიან მისი ყველაზე ხისტი კრიტიკოსებიც, რადგან “სწორედ ეს არის სიტყვის თავისუფლება”.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა მომხმარებელმა უკვე თქვა, რომ ტოვებს პლატფორმას. მათ შორისაა ბრიტანელი მსახიობი ჯამილა ჯამილი, რომელიც ფიქრობს, რომ ტვიტერი გახდება “კანონისაგან უფრო მეტად დაცლილი, საძულველი, ქსენოფობიური, მიზოგინური” სივრცე.

არაერთი კრიტიკულად განწყობილი მომხმარებელი დარჩენას ამჯობინებს. მერილენდის უნივერსიტეტის მკვლევარი კაროლინ ორ ბუენო აღნიშნავს, რომ “ტვიტერში” ჯერაც მუშაობს ბევრი კარგი ადამიანი და “ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება ის ილონ მასკის მფლობელობის ქვეშ”.

პარაგ აგრავალი

“რაც ჩვენ ვიცით არის ის, რომ თუ ყველა წესიერი ადამიანი წავა, [ვითარება] უფრო სწრაფად გაუარესდება”, — წერს ის.

საკითხის გარშემო პოლიტიკური შეფასებებიც არაერთგვაროვანია. BBC ციტირებს თეთრი სახლის პრესსპიკერს, ჯენ პსაკის, რომელიც ამბობს რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი “დიდი ხანია, წუხს სოციალური მედიის მსხვილი პლატფორმების ძალაზე”, იმის მიუხედავად, თუ ვინ ფლობს “ტვიტერს”.

ბაიდენის “დემოკრატიული პარტიის” წარმომადგენელი, სენატორი ელიზაბეთ უორენი მიიჩნევს, რომ “ტვიტერის” გაყიდვაზე მიღწეული ეს შეთანხმება “საშიშია დემოკრატიისთვის”, რესპუბლიკელი სენატორი მარშა ბლექბარნი კი ფაქტს უწოდებს “გამამხნევებელ დღეს სიტყვის თავისუფლებისთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი