ახალი ამბები

სააპელაციომ გააუქმა გადაწყვეტილება თბილისის ზღვაზე „ჩანჩქერთან“ ჯებირების მოწყობაზე

27 ოქტომბერი, 2022 • 867
სააპელაციომ გააუქმა გადაწყვეტილება თბილისის ზღვაზე „ჩანჩქერთან“ ჯებირების მოწყობაზე

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იუწყება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 27 ოქტომბერს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მერიას ავალდებულებდა თბილისის ზღვაზე, „ჩანჩქერის ტერიტორიაზე“ ბანერისა და კედლის მოწყობას.

აქტივისტების ცნობით, მხოლოდ 2015-20 წლებში თბილისის ზღვაზე მომხდარი ინციდენტების შედეგად დაიღუპა 30-მდე ადამიანი, მათ შორის, 10 მოზარდი. აქტივისტები წლების განმავლობაში პასუხისმგებელი პირებისაგან ითხოვდნენ ადგილზე უსაფრთხოების ზომების მიღებას.

2017 წლის დეკემბერში ორმა დაზარალებულმა – 2016 წელს ამავე ტერიტორიაზე დაღუპული 14 წლის ნოდარ შამათავასა და ცოტნე ცქიტიშვილის ოჯახებმა – ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის – GWP-ის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია ბუსკაძის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიას დაევალა ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება და 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა, რათა მასზე გადასვლა მოქალაქეებს ვეღარ შეძლებოდათ.

2020 წლის ივლისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ GWP-მ „ჩანჩქერთან“ 3 გამაფრთხილებელი ბანერი დაამონტაჟა. კედელი ამ დრომდე არ აღმართულა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მერიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლომ კი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ნესტან ლონდარიძის ცნობით, 27 ოქტომბრის სხდომაზე დააკმაყოფილა მერიის სააპელაციო საჩივარი და გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწვეტილება, „რითაც, თავის მხრივ, ქალაქ თბილისის მერიას დავალებული ჰქონდა თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება, ასევე – ჩანჩქერის არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა“.

ლონდარიძე აცხადებს, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

დამატებითი დეტალები, მისი თქმით, ორგანიზაციის ხვალინდელ, 28 ოქტომბრის ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი