ახალი ამბებისაზოგადოება

თბილისის ზღვის 3 “სიკვდილის ზონა”

23 ივლისი, 2020 • 5470
თბილისის ზღვის 3 “სიკვდილის ზონა”

ავტორი: თამარ ხმიადაშვილი

2015 წლიდან, თბილისის აქტივისტების ინფორმაციით, 30-მდე ადამიანი, მათ შორის, 10 მოზარდი დაიღუპა.  გარდაცვალების შემთხვევების არსებული სტატისტიკის მიუხედავად, წლების განმავლობაში უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, აქტივისტების ცნობით, მხოლოდ მინიმალური პრევენციული ზომებია მიღებული. 21 ივლისს თბილისის წყალსაცავში კიდევ ორი მოზარდი დაიხრჩო. რატომ იქცა თბილისის ზღვის მონაკვეთები “სიკვდილის ზონად” და ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მოქალაქეების უსაფრთხოებაზე?

კუსტარული სარეკრეაციო ზონები

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არაერთი კუსტარული ანუ არაოფიციალური სარეკრეაციო ზონაა მოწყობილი. მათ შორის, სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საშიში სამი მათგანია. “იცურე მშვიდად” – კამპანიის აქტივისტების თანახმად, ინციდენტების ყველაზე დიდი რაოდენობა აქაა მორევებისა და მილების, შესაბამისად, სწრაფი დინებების გამო.

  • ე.წ. კოშკის ტერიტორია;
  • ადგილი, სადაც წყალსაცავში ზემო სამგორის არხით იორის წყალი შემოდის
  • ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია.

რუკაზე წითლად შემოხაზული ტერიტორია არის ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია (თემქა); ლურჯად შემოხაზულია ადგილი, სადაც წყალსაცავში ზემო სამგორის არხით იორის წყალი შემოდის (ვარკეთილი); ხოლო ყვითლად შემოხაზული ადგილი ე.წ. კოშკის ტერიტორიაა (ასევე ვარკეთილი).

“იცურე მშვიდად” – კამპანიის აქტივისტების ცნობით, არასათანადო უსაფრთხოების ზომებისა და ინფრასტრუქტურის გამო, უმეტეს შემთხვევებში, სწორედ რუკაზე აღნიშნულ კუსტარულ სარეკრეაციო ზონებში მთავრდება ადამიანების ზღვაში ცურვა ფატალურად. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავენ, რომ თბილისის ზღვის იმ ადგილებზე, სადაც ცურვა ნებადართულია, მაშველები მუდმივად პატრულირებენ, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე მცურავი საშუალებებით ხდება პერიოდული პატრულირება. თუმცა, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ალეკო ცქიტიშვილი, რომელიც ზღვაზე იმყოფებოდა 22 ივლისს, “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნავს, რომ “მთელი დღის განმავლობაში არც ვარკეთილის და არც თემქის მხარეს არავინ დაუნახავს”.

რა მოხდა 3 წლის წინ

2017 წლის ზაფხულში ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე 15 წლის ცოტნე ცქიტიშვილი დაიღუპა. უბედური შემთხვევიდან 1 წლის შემდეგ, ანა დოლიძის, “ადამიანის უფლებათა ცენტრის”, CENN-ისა და პროგრესის ცენტრის ინიციატივით კამპანია “იცურე მშვიდად” დაიწყო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა სიკვდილიანობის წინააღმდეგაა მიმართული. 

ამასთან, 2017 წლის დეკემბერში ორმა დაზარალებულმა – 2016 წელს ამავე ტერიტორიაზე დაღუპული 14 წლის ნოდარ შამათავასა და ცოტნე ცქიტიშვილის ოჯახებმა –  ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის – GWP-ის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. 

სარჩელის განხილვა სასამართლომ 1 წლის შემდეგ დაიწყო. “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი, დაღუპული ცოტნე ცქიტიშვილის მამა, ალეკო ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ სწორედ ამ პერიოდში თბილისის მერის, დავით ნარმანიას დავალებით GWP-მ და გლდანი-ნაძალადევის გამგეობამ ეკლიანი მავთული გააკეთა ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე. ასევე, ამ ადგილზე დაამონტაჟეს ბანერი, რომელიც ცქიტიშვილის თქმით, 1 თვეში ქარმა დააზიანა.

“როდესაც ჩემი შვილი დაიღუპა, ამ ადგილას [ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარედ] გამაფრთხილებელი ბანერის მხოლოდ ჩონჩხი იყო დარჩენილი. მაშინ აქ ღობეც არ იყო, დავით ნარმანიამ GWP-სა და გლდანი-ნაძალადევის გამგეობას მისი გაკეთება ჩემთან შეხვედრის შემდეგ დაავალა. მერია სასამართლო პროცესზე აცხადებდა, რომ მათ ეს საკითხი არ ეხებოდათ და  საკუთარი კეთილი ნებით ამონტაჟებდნენ ასევე ბანერს, რომელიც ნაჭრის იყო და ერთ თვეში ქარმა მოგლიჯა. თუმცა ახლა ისინი ამ ფაქტებს უარყოფენ და სასამართლო პროცესზე აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი მოსახლეობამ გააკეთა. ეს იმის გამო, რომ მოსამართლემ არ დასვას კითხვა, თუ მათი პასუხისმგებლობა არ იყო, რატომ გააკეთეს ბარიერი და ბანერი. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ეკლიანმა მავთულმა, რომელსაც მე “ბოსტნის ღობეს” ვუწოდებ, ბანერმა და CENN-ის წარმოებულმა კამპანიამ დადებითი შედეგი გამოიღო. ამის შემდეგ აქ [ე.წ. ჩანჩქერთან] სხვა შემთხვევა აღარ მომხდარა”, – აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში. 

თბილისის ზღვა, ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია

თბილისის ზღვა, ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია

ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე გადაღებულ ფოტოებში ჩანს, რომ აქ არსებული ეკლებიანი მავთული, რომელიც მოქალაქეებისთვის წინაღობას უნდა ქმნიდეს, მარტივად გადასალახია და, ხშირ შემთხვევაში, მასზე გადაძრომა არცაა საჭირო – ის მცირე მანძილს მოიცავს (მხოლოდ თეთრ ბანერამდე გრძელდება) და ადამიანები სიცოცხლისთვის საშიშ ზონაში სათევზაოდ ან საცურაოდ მისი გვერდის ავლით ხვდებიან.

მიმდინარე სასამართლო დავა და მოთხოვნები

თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო განხილვის შემდეგ, მოსამართლე ნათია ბუსკაძის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მერიას ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება და 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა დაევალა, რათა მასზე გადასვლა მოქალაქეებმა ვეღარ შეძლონ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მერიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

როგორც ალეკო ცქიტიშვილი აღნიშნავს, სასამართლო დავა შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს და სხვა ფატალური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, მას დროის დაკარგვა არ სურს, ამიტომ მერიასთან კონკრეტული შეთავაზება აქვს.

“სჯობს დავა მორიგებით დავასრულოთ – თბილისის მერიამ შექმნას კომისია, რომელიც სასამართლოს დადგენილების ვადებში პრევენციული ღონისძიებების საკითხს განიხილავს და GWP-სთან ერთად გადაწყვეტს, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ “სიკვდილის ზონასთან” მოქალაქეებს არ ჰქონდეთ წვდომა”, – აცხადებს ცქიტიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში. 

თბილისის ზღვა

წყალგამანაწილებელი კომპანიის, GWP-ის ტერიტორიასთან, ე.წ. ჩანჩქერთან არსებულ ბანერზე მითითებულია, რომ მიმდებარე ტერიტორია სანიტარიული დაცვის ზონაა. ამავე ბანერით ვიგებთ, რომ ადგილს დაცვის პოლიცია აკონტროლებს, თუმცა მიმდებარედ ვიდეოკამერები არ არის დამონტაჟებული.

ხოლო ე.წ. კოშკის ტერიტორიზე და ადგილზე, სადაც წყალსაცავში იორის არხით შემოდის წყალი, გამაფრთხილებელი ბანერი და ღობე არ არსებობს, არც ისაა ცნობილი, თუ რა სახის ზონაა მიმდებარე ტერიტორია. 

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კამპანიას -“იცურე მშვიდად” რამდენიმე მოთხოვნა აქვს:

  • გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, თუ როგორ დავიცვათ აღნიშნული სანიტარული ზონა (თემქის მხარე) ისე, რომ მასზე შეღწევა შეუძლებელი გახდეს. კონკრეტულად კი, გაკეთდეს 2.5 მეტრი სიგრძის ბეტონის კედელი, რომელიც დაფარული იქნება ეკლიანი მავთულით. 
  • შეისწავლოს მერიამ ე.წ. კოშკის ტერიტორია და ადგილი, სადაც წყალსაცავში იორის არხით შემოდის წყალი (ვარკეთილის მხარე) და მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ამ ადგილებში ოფიციალური პლაჟის მოწყობა. თუკი შესაძლებელია, ამ შემთხვევაში, განთავსდნენ მაშველები და დაიცვან მოქალაქეების უსაფრთხოება. თუკი არ შეიძლება, მაშინ მიიღონ პრევენციის ზომები – განთავსდეს საინფორმაციო გამაფრთხილებელი ბანერები; მოხდეს პერიმეტრზე პატრულირება; ასევე, შესაძლებელია ადმინისტრაციული ჯარიმების საკითხის განხილვა.
  • GWP-მ დაიცვას თავის საკუთრებაში არსებული ტერიტორია იმგვარად, რომ მოქალაქეებმა საშიშ ზონაში შეღწევა ვერ შეძლონ. კერძოდ, დააყენოს ვიდეოთვალი და დაცვის ჯიხური. 

ალეკო ცქიტიშვილის თქმით, მიმდინარე წელს GWP-ის წინააღმდეგ სასამართლოში სამოქალაქო წესით დაიწყო დავა. 

რას ამბობს თბილისის მერია

საქართველოს “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მე-16 მუხლში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტეის უფლებამოსილებებში ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი, მათ შორის, წყლის რესურსების მართვა შედის. 

“ნეტგაზეთთან” საუბრისას თბილისის მერიაში ეკლიანი მავთულისა და ბანერის გაკეთებას არ უარყოფენ. 

როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მერია ამ დროისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება და პარალელურად თბილისის ზღვის სანიტარიული დაცვის წესებზე მუშაობს, რომელიც უსაფრთხოების სტანდარტსაც ითვალისწინებს. 

დავა ჯერ კიდევ სასამართლოშია და ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ვიმოქმედებთ. ამის პარალელურად, თბილისის ზღვის სანიტარიული დაცვის წესებს ვამუშავებთ, რომელიც პრაქტიკულად უკვე მომზადებულია. ის  თბილისის ზღვის კონკრეტულ ლოკაციებზე უსაფრთხოების სტანდარტსაც ითვალისწინებს. შემუშავებული წესები მალე გაიგზავნება საკრებულოში, რომელსაც საკრებულოს დამტკიცების შემდეგ, მუნიციპალიტეტი აღასრულებს. როგორი წესიც დამტკიცდება, იმის მიხედვით მოვაწყობთ თბილისის ზღვაზე ინფრასტრუქტურას”, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი