ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთს ეწვევა

26 ოქტომბერი, 2022 • 658
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთს ეწვევა

დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

უნგრეთში საქართველოს ელჩის ზაზა გოგსაძის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პრემიერი შეხვედრებს გამართავს უნგრეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„უნგრეთი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აქტიური მხარდამჭერია. ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ეს ვიზიტი ამ მხარდაჭერას კიდევ უფრო მაღალ რანგში და საფეხურზე აიყვანს. საუბარი იქნება ეკონომიკურ საკითხებზე, რაც უთუოდ ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული დიდი ეკონომიკური პოტენციალის კიდევ უფრო გამოვლენას და განვითარებას“, — განაცხადა გოგსაძემ.

მისივე თქმით, ვიზიტის პარალელურად, გაიმართება საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან – ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი