ახალი ამბები

მშობლების თქმით, მუნიციპალურ აუზში ბავშვები მოიწამლნენ, კალაძე აღნიშნულს უარყოფს

26 ოქტომბერი, 2022 •
მშობლების თქმით, მუნიციპალურ აუზში ბავშვები მოიწამლნენ, კალაძე აღნიშნულს უარყოფს

თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა მუნიციპალურ სპორტულ კომპლექს “იმედში” ბავშვებისა და მწვრთნელების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტს და აღნიშნა, რომ ჩატარებული კვლევების თანახმად, აუზში არ იყო ისეთი ნივთიერებები, რასაც მოწამვლის გამოწვევა შეეძლო. ამის შესახებ მან დღეს, 26 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

დედაქალაქის მთავრობის სხდომის პარალელურად კი მუნიციპალურ სპორტულ კომპლექსთან შეკრებილი იყვნენ ბავშვების მშობლები, აუზის მწვრთნელი და თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები. ისინი ირწმუნებიან, რომ აუზის დაქლორვის შედეგად ბავშვები და მწვრთნელები მოიწამლნენ.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, სავარაუდოდ, ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც ბავშვების აუზში ყოფნისას წყალში რაღაცას დებს, შემდეგ კი იღებს. მშობლებისა და მწვრთნელის თქმით, აღნიშნული ვიდეო ასახავს წყალში ქლორის ჩაყრის პროცესს, მაშინ, როცა ბავშვები წყალში არიან, თუმცა მერია და სპორტული კომპლექსის ადმინისტრაცია აღნიშნულს უარყოფს და ამბობს, რომ ვიდეოში წყლის სინჯის აღების პროცესია ასახული და არა დაქლორვის.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მორიგი სიცრუე. რეალურად ვიდეო გადაღებულია ზაფხულის პერიოდში და ასახულია პერსონალის მიერ წყლის სინჯის აღების პროცედურა, რომელიც ყოველდღიურად ხდება სწრაფი ტესტებით”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სპორტული ცენტრის ადმინისტრაციამ სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით პირადი მოკვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ “ამ დღეების განმავლობაში არცერთი ბავშვი არ იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში”.

ამასთან, კალაძის თქმით, კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ წყალში ყველა მაჩვენებელი ნორმაშია და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში აუზის თანამშრომლები დაადანაშაულა:

“ინფორმაციის გავრცელებისთანავე მოხდა აუზის წყლის ტესტირება, რომელმაც აჩვენა, რომ ქლორი და PH-ის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ასევე, სპორტული ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით ამ დღეების განმავლობაში არცერთი ბავშვი არ იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო.

ამის მიუხედავად, ჩვენ ჩავატარეთ დამატებითი კვლევები. გარდა იმისა, რომ ყოველდღიურად ხდება წყლის სინჯების აღება სწრაფი ტესტებით, დამატებითი ორი კომპლექსური კვლევა დავუკვეთეთ და პასუხებიც გვაქვს. ყველაფერი აბსოლუტურად არის ნორმაში და არაფერი წარმოადგენს პრობლემას. თუმცა პრობლემა არსებობს, პრობლემა არის იქ მომუშავე რამდენიმე თანამშრომელი, რომელმაც გაავრცელა მიზანმიმართული სიცრუე და შეეცადა ადამიანების შეცდომაში შეყვანას”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიის თანახმად, კვლევები ჩაატარეს სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაციამ – “სეა”, საგამოცდო ლაბორატორიამ “მულტიტესტი” და გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა.

მშობლებისა და მწვრთნელების თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ სპორტულ ცენტრ “იმედში, ათობით ბავშვი და მწვრთნელი მოიწამლა. ამის შესახებ ისინი რამდენიმე დღეა საუბრობენ, მათ შორის მისულები იყვნენ კომპლექსში და ესაუბრნენ ადმინისტრაციის წარმომადგენელსაც.

მათი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში აუზის დარბაზში იყო “საშინელი სუნი”. ისინი სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებასაც ითხოვენ.

ერთ-ერთი მშობელი ნია ბაღდავაძე “მთავარ არხთან” აცხადებს, რომ მშობლების საერთო ჩატში დადეს ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ ერთ-ერთ ბავშვს თვალებიდან ცრემლდენა და სპაზმური ხველა ჰქონდა. მისი თქმით, სპაზმურ ხველაზე საუბრობდნენ სხვა ბავშვების მშობლებიც.

“როცა ბავშვები აუზში არიან და მგონია, რომ ბავშვი ცურავს, ჯანმრთელობისთვის კარგ საქმეს ვაკეთებთ, აღმოჩნდა, რომ საწამლავს უყრიან ბავშვს. პირადად ჩემი ბავშვიც იყო მოწამლული, მყავდა პედიატრთან, გავუკეთეთ ანალიზები და დაუდგინდა, რომ იყო მსუბუქი ინტოქსიკაცია, გამოხატული ძილიანობით, მუცლის ტკივილითა და გულისრევით”, – უთხრა TV პირველს ერთ-ერთმა მშობელმა.

სპორტული კომპლექსის ერთ-ერთი მწვრთნელის, ნინო ქავზინაძის თქმით, ეს არ არის ინტოქსიკაციის პირველი შემთხვევა. მისი თქმით, წინა მოწამვლის ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმირებული იყვნენ კომპლექსის ხელმძღვანელი და მერიის წარმომადგენლები:

“მეორედ რომ მოვიწამლე, ვთხოვე, მიექცია ყურადღება, რადგან 8 წელია აქ ვმუშაობ და მსგავსი არ ყოფილა და აუცილებლად გიჩივლებ და გავატელევიზორებ-მეთქი. მაშინ ახსენა, რომ მე ვარ [ანუკი არეშიძის] ბავშვობის მეგობარი, ნათელ-მირონი და მე ვერავინ შემეხებაო”, – ამბობს მწვრთნელი TV პირველთან.

გუშინ, 25 ოქტომბერს ტელეკომპანია “მთავართან” მიცემულ ინტერვიუში ნინო ქავზინაძე ასევე აცხადებდა, რომ ინტოქსიკაციის მიზეზი ადმინისტრაციის მხრიდან უხარისხო ქლორის გამოყენებაა. მისი თქმით, ადმინისტრაციამ ამ გზით თანხები დაზოგა.

ამასთან, ქავზინაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიაში შეიტანეს 59 მშობლის ხელმოწერილი განცხადება.

დღეს, 26 ოქტომბერს, საცურაო აუზის მწვრთნელი და სპორტულ კომპლექსთან შეკრებილი მშობლები და საკრებულოს წევრები ინტოქსიკაციაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და დასჯას ითხოვენ.

საკრებულოს წევრის, ზვიად კუპრავას თქმით, აუცილებელია წყლის ნიმუშების აღება, რათა დადგინდეს სავარაუდო ინტოქსიკაციის მიზეზი. მისი თქმით, ეს სავარაუდო დანაშაულია, რასაც გამოძიება სჭირდება:

“მინდა მივმართო შსს-ს, პირველ რიგში, რომ მობრძანდეთ და შემოავლეთ ყვითელი ლენტი, დაიწყოს გამოძიება. მე სარევიზიო კომისიის ფარგლებში ვაპირებ შევიდე, ავიღო წყლის ნიმუშები და შემდეგ მას ჩავუტარო ლაბორატორიული კვლევა. თუ ის წყალი არ დაგხვდა, სადაც ბავშვები მოიწამლნენ, ნიშნავს, რომ მტკიცებულებები არის განადგურებული და ამაზე კიდევ ცალკე გამოძიებაა დასაწყები”, – განაცხადა მან.

სპორტულ კომპლექსზე დღეს განთავსებულია წარწერა, რომლის თანახმადაც, ტექნიკური სამუშაოების გამო აუზით სარგებლობა დროებით შეჩერებულია. განცხადებაში არ არის მითითებული, კონკრეტულად როდის გაგრძელდება აუზის ფუნქციონირება, თუმცა აღნიშნულია, რომ ეს “უახლოეს მომავალში” მოხდება.

მანამდე, 23 ოქტომბერს, კომპლექსის ადმინისტრაციამ ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა განცხადება, სადაც გამოეხმაურა სავარაუდო ინტოქსიკაციის შემთხვევებს. ადმინისტრაციის განცხადებით, ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული განცხადებიდან მალევე შეამოწმეს წყალი. ტესტირების შედეგად კი დადგინდა, რომ ქლორი და PH-ის მაჩვენებელი ნორმაშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი