ახალი ამბები

სახალხო დამცველის მეტ აპოლიტიკურობას ვისურვებდი – არევაძე

25 ოქტომბერი, 2022 • 664
სახალხო დამცველის მეტ აპოლიტიკურობას ვისურვებდი – არევაძე

სახალხო დამცველობის კანდიდატი მარიკა არევაძე აცხადებს, რომ ომბუდსმენის უფრო მეტ აპოლიტიკურობას ისურვებდა.

ამის შესახებ მან დღეს, 25 ოქტომბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მოსმენისას განაცხადა, სადაც ისაუბრა სახალხო დამცველის ინსტიტუტის გამოწვევებზე.

არევაძის თქმით, ერთ-ერთი გამოწვევა სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ ნდობის ხარისხის ამაღლებაა.

“სახალხო დამცველის ინსტიტუტთან დაკავშირებით საჭიროა ნდობის ამაღლება. უმჯობესია უფრო მაღალი ნდობა იყოს. ადამიანების გარკვეულ ჯგუფს არ აქვს ნდობის ის ხარისხი, რომელიც სასურველია, რომ იყოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ”, – განაცხადა არევაძემ.

კომიტეტზე არევაძის მიუკერძოებლობის მიმართ პრეტენზიები და კითხვები ჰქონდათ “ქართული ოცნების” წევრებს, რომელთაც არევაძეს მისი ფეისბუქის პოსტები შეახსენეს.

არევაძის თქმით, მას, როგორც მოქალაქეს, უფლება ჰქონდა, რომ თავისი აზრი გამოეხატა პირად გვერდზე.

“მე ვარ ამ ქვეყნის აქტიური მოქალაქე, რომელსაც აქვს თავის შეღედულებები და პოზიციები მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. მაქვს უფლება მქონდეს ჩემი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, რომელსაც ვახორციელებდი მოქალაქის სტატუსიდან, თუმცა დღეს, როცა ვარ კანდიდატის პოზიციაში, ჩემი პოზიციების მკვეთრი დაფიქსირებისგან თავს ვიკავებ, რადგან უფრო მაღალი სტანდარტი მომეთხოვება შეფასებებთან მიმართებით. აზრის გამოხატვა მიკერძოებას არ განაპირობებს”, – განაცხადა მარიკა არევაძემ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი