ახალი ამბები

ზელენსკიმ “ყირიმის პლატფორმის” კონტექსტში აფაზეთისა და სხვა ტერიტორიების დეოკუპაცია ახსენა

25 ოქტომბერი, 2022 • 823
ზელენსკიმ “ყირიმის პლატფორმის” კონტექსტში აფაზეთისა და სხვა ტერიტორიების დეოკუპაცია ახსენა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, “ყირიმის პლატფორმის” ფორმატში უკრაინასა და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა უნდა შენარჩუნდეს მას შემდეგაც, რაც ქვეყანა აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას და დაიბრუნებს კონტროლს ყირიმის ნახევარკუნძულზე.

აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ “ყირიმის პლატორმის” საპარლამენტო სამიტზე ილაპარაკა, რომელიც ზაგრებში მიმდინარეობს. პლატფორმაზე საუბრისას, რუსული ოკუპაციის კონტექსტში, ზელენსკიმ ახსენა აფხაზეთი, დნესტრისპირეთი და ჩრდილოეთი ტერიტორიები(კურილის კუნძულები).

“იმისთვის, რომ ყირიმში სრულფასოვნად დაბრუნდეს ცხოვრება, ყირიმის მოსახლეობას კი აღუდგეს სამართლიანობა წლების განმავლობაში მიმდინარე ოკუპაციის შემდეგ, ჩვენი თანამშრომლობა მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს [უკრაინის] ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგაც.

ჩვენი ეს ფორმატი — ყირიმის პლატფორმის ფორმატი — უნდა ვაქციოთ საწყის წერტილად სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვა ტერიტორიების დეოკუპაციას, რომლებიც ოდესღაც დაიქვემდებარეს: დნესტრისპირეთიდან აფხაზეთამდე და ჩრდილოეთ ტერიტორიებამდე”, — დასძინა ზელენსკიმ სამიტზე ჩართვისას.

მოკლედ დნესტრისპირეთზე

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოლდოვაში, ისევე როგორც სხვა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში, ეთნიკური კონფლიქტები დაიწყო.

ძირითადად ეთნიკურად რუსი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონში, რომელიც მდინარე დნესტრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ასევე ეთნიკურად დასახლებულ გაგაუზიაშიც, რომელიც მოგვიანებით ფართო ავტონომიის პირობით, მშვიდობიანი გზით, დაბრუნდა ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის სფეროში.

დნესტრისპირეთში დაპირისპირება საბოლოოდ შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა, რომელიც სამმხრივი შეთანხმებით დასრულდა, რის შემდეგაც რეგიონში რუსული სამშვიდობო ძალები განთავსდნენ.

რეგიონის მკვლევართა, პოლიტიკოსთა და დიპლომატთა ნაწილის შეფასებით, დნესტრისპირეთში კონფლიქტის გაღრმავება რუსეთის მიერ იყო მხარდაჭერილი, რათა, როგორც სხვა რესპუბლიკებში, მოლდოვაშიც მოეპოვებინა ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლის ბერკეტი.

მოკლედ კურილის კუნძულებზე

კუნძულები საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას დაიკავა, იქ მცხოვრები 17 000 იაპონელი კი გაასახლა. ტერიტორიებს ამჟამად რუსეთის ხელისუფლება განკარგავს.

ტოკიოს პოზიცია, რომ რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული ტერიტორია, უცვლელი რჩება.

მიმდინარე წლის მარტში, ტოკიოს მიერ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთმა დატოვა იაპონიასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატი და გააჩერა ის ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, რომლებიც უკავშირდებოდა სადავო კურილის კუნძულებს.

ოქტომბერში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც კურილის კუნძულები აღიარებულია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ იაპონიის ტერიტორიად.

ყირიმის პლატფორმა

„ყირიმის პლატფორმის“ შექმნა ემსახურება ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ ანექსიის ფაქტის მსოფლიო დღის წესრიგში აქტუალიზებას.

პლატფორმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით შეიქმნა. დამფუძნებელ სამიტს, რომელიც კიევში გაიმართა, 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი