რუსეთის ბრალდების ფონზე, თითქოს უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს, გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინის მოწვევით სააგენტო კვლავ ჩაატარებს ინსპექტირებას.
IAEA-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სააგენტომ მიიღო მოწვევა უკრაინის მთავრობისგან, რათა „ჩაატარონ შემოწმებითი სამუშაოები“ ორ ლოკაციაზე. ზუსტი ადგილი არ დასახელებულა, თუმცა, სააგენტოს ცნობითვე, ამ ადგილებს უწყება შემოწმების მიზნით რეგულარულად სტუმრობს.
IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ სააგენტომ სულ ერთი თვის წინ „ჩაატარა ინსპექტირება ერთ-ერთ ამ ლოკაციაზე და ჩვენი ყველა მიგნება თანხვედრაში იყო უკრაინის უსაფრთხოების დეკლარაციებთან“.
„არანაირი არადეკლარირებული ბირთვული აქტივობები თუ მასალები არ ყოფილა აღმოჩენილი“, – განაცხადა მან
რუსეთის მხარეს ამის დამადასტურებელი საბუთი არ წარუდგენია.
მოსკოვის ბრალდებას მალევე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და დაწერა, რომ ეს არის „აბსურდული და საშიში ტყუილი“.
„ჯერ ერთი, უკრაინა არის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ერთგული მხარე – ჩვენ არ გვაქვს არანაირი „ბინძური ბომბები“ და არ ვგეგმავთ მათ ქონას. მეორე, რუსები ხშირად ადანაშაულებენ სხვებს იმის დაგეგმვაში, რასაც თავად გეგმავენ“, — განაცხადა კულებამ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი თქვა, რომ ევროპაში ბირთვული იარაღის გამოყენების მხოლოდ ერთი წყარო არსებობს — „ვინც ამხანაგ შოიგუს აქეთ-იქეთ დარეკვა უბრძანა“.
„ბინძური ბომბი“ ეწოდება რადიოაქტიური ნივთიერებების გამბნევ მოწყობილობას, რომელიც წარმოადგენს ასაფეთქებელი მოწყობილობების, დინამიტის და რადიოაქტიური ნივთიერებების ერთობლიობას.
„ბინძური“ ბომბის აფეთქების შემდეგ გარემოში იფრქვევა რადიოაქტიური ნივთიერებები. NCDC-ის თანახმად, ძირითად საშიშროებას წარმოადგენს ბომბის აფეთქება და არა რადიაცია. „ბინძური ბომბის“ აფეთქება იწვევს სერიზულ დაზიანებებს. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ აფეთქების ადგილთან ახლოს, შესაძლოა მოხვდნენ რადიაციის ექსპოზიციის ქვეშ, რაც დაუყონებლივ იწვევს სეროზულ დაავადებას. ამავდროულად, რადიოქტიური მტვერი და კვამლი, შესაძლოა, უფრო ფართოდ გავრცელდეს და საფრთხე შეუქმნას ადამიანებს, ვინც შეისუნთქავს კვამლს, მიიღებს დაბინძურებულ საკვებს ან წყალს.