ახალი ამბები

„ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ 200-მდე ახალი წევრი შეემატა

24 ოქტომბერი, 2022 • 2293
„ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ 200-მდე ახალი წევრი შეემატა

მოძრაობა „ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ მორიგი გაფართოების ფარგლებში დღეს 200-მდე ახალი წევრი შეემატა.

ისინი არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან საკრებულოს წევრები და თანამდებობის პირები.

„რამდენიმე კვირის წინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მოძრაობის შემდგომი ნაბიჯი რეგიონული წარმომადგენლობის გაძლიერება იქნებოდა. დღევანდელ ურთულეს გარემოში ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთ გზად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა გვესახება.

შესაბამისად, დღეს ჩვენს მოძრაობას შემოუერთდნენ საკრებულოს წევრები და თანამდებობის პირები უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტიდან. დარწმუნებული ვართ, ჩვენი ერთიანობით და საზოგადოების ძალისხმევით გადავლახავთ ყველა სიძნელეს, რაც ჩვენი სამშობლოს წინაშე დგას“, – ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში, რომელიც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე სოზარ სუბარმა წაიკითხა.

„ხალხის ძალა“ პარტია „ქართული ოცნებიდან“ გასულმა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილმა დეპუტატებმა დააფუძნეს და თქვეს, რომ ასე უკეთ შეძლებდნენ „კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის გატანას“ და საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდებას.

„ხალხის ძალა“ არის მთავარი რუპორი „ოცნების“ მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდის, რომ თითქოს საქართველო მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო ისჯება და ამიტომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ვერ მიიღო.

“ერთი სხეულის ორი ხელი” – რა გეგმების აქვს „ხალხის ძალას“

მასალების გადაბეჭდვის წესი