ახალი ამბები

რეზოლუციაში სააკაშვილის ხსენება აზიანებს ორგანიზაციის სანდოობას – პაპუაშვილი PACE-ს პრეზიდენტს

24 ოქტომბერი, 2022 • 534
რეზოლუციაში სააკაშვილის ხსენება აზიანებს ორგანიზაციის სანდოობას – პაპუაშვილი PACE-ს პრეზიდენტს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) პრეზიდენტს ტინი კოქსს წერილით მიმართავს და აღნიშნავს, რომ PACE-ს მიერ მიღებული რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას აზიანებს.

საუბარია რეზოლუციაზე, სახელწოდებით „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“, რომლის შესახებ დებატები 2022 წლის სესიაზე მიმდინარეობდა.

კერძოდ, რეზოლუციაში დაემატა პუნქტი, რომლითაც „ასამბლეა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს ვლადიმირ ყარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ; ასევე, მოუწოდებს პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვას და მათ გათავისუფლებას რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის“.

პაპუაშვილი PACE-ს პრეზიდენტისათვის მიწერილ წერილში სააკაშვილის ბრალეულობაზე ვრცლად საუბრობს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებში არ არსებობს პოლიტიკური მოტივაციის არანაირი მტკიცებულება, გარდა პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი სპეკულაციებისა.

„შესაბამისად, რეზოლუციის მეოთხე დამატებაში გამოყენებული ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს სამართლის სისტემის დაუსაბუთებელ კრიტიკას, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის წინააღმდეგ იწვევს გაუმართლებელ ეჭვს და ძირს უთხრის საქართველოს მიერ 2012 წლიდან მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებებით განხორციელებულ რეფორმებში.

და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მ. სააკაშვილის შესახებ უსაფუძვლო ჩანაწერი აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ქართულ საზოგადოებაში და აფერხებს ჩვენს მცდელობებს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციების შესაბამისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგისადმი მხარდაჭერა.

იმედს ვიტოვებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მომავალში იხელმძღვანელებენ მხოლოდ ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესებითა და ფუნდამენტური ღირებულებებით.

მზად ვართ, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია საქართველოს შესახებ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე“, – ვკითხულობთ პაპაუშვილის წერილში.

პაპუაშვილის თქმით, რუსული აგრესიის გამო უკრაინისადმი საქართველოს მთავრობის სრული სოლიდარობის მიუხედავად, სააკაშვილთან დაკავშირებული ცვლილების დამტკიცებამ საქართველოს დელეგაციის წევრებს არ მისცათ რეზოლუციის მხარდაჭერის შესაძლებლობა.

„ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნულ დამატებაში მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება (ა) ცვლის რეზოლუციის არსსა და სულისკვეთებას; და (ბ) ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში“, – აცხადებს პაპუაშვილი.


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის დღევანდელი რეჟიმი ტერორისტულად არის აღიარებული.

რეზოლუციას, სახელწოდებით „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, მხარი 99-მა წევრმა დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.

აღნიშნულ რეზოლუციას საქართველოს დელეგაციიდან მხარი მხოლოდ ენმ-ის წევრმა ხატია დეკანოიძემ დაუჭირა.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“,  რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, რადგან არ ეთანხმებიან ის არსებულ ჩანაწერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი