უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი პოდოლიაკი უარყოფს ქერჩის ხიდის აფეთქებაში როგორც უკრაინის, ისე საქართველოსა და ბულგარეთის მოქალაქეების მონაწილეობას.
პოდოლიაკი ქერჩის ხიდის აფეთქებას რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირებს.
„არავითარ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს ამასთან კავშირი არ ჰქონიათ. პირველ რიგში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის ყველა სამხედრო ინფრასტრუქტურა, ასევე, მათ მიერ აშენებული უკანონო ნაგებობა, რომელსაც მიეკუთვნება ქერჩის ხიდი, ჩვენთვის სამხედრო სამიზნეს წარმოადგენს.
საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს სრული უფლება, ეს წერტილები გავანადგუროთ. მეორე: ქერჩის ხიდზე მომხდარი მოვლენები იყო მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის სპეციალური სამსახურის, ФСБ-ის მიერ მომზადებული.
ეს, დიდი ალბათობით, გამოწვეული იყო პუტინის გარემოცვაში ძალოვნების შიდა დაპირისპირების გამო, რის შემდეგაც უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც რიგი გენერლების დაკავებები. ჩვენ ვხედავთ ბატონი პრიგოჟინის განცხადებებს, სუროვიკინის დანიშვნას, რომელიც გერასიმოვიჩისა და შოუგუს ვერტიკალში არ ჯდებიან. ასევე, აშკარაა პუტინის დისტანცირება თავდაცვის მინისტრ შოუგუსგან, რომელიც ცოტა ხნის წინ პუტინის ფავორიტი იყო“, — განაცხადა პოდოლიაკმა რადიო „მაესტროსთან“ ინტერვიუში.
მისი აზრით, ქერჩის ხიდის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უკავშირდება რუსეთის შიდა კონფლიქტებს.
„არანაირ კავშირში არ ვართ ქერჩის ხიდზე მომხდართან. უკრაინას რომ მიეტანა დარტყმები, ჩვენ ამას დავადასტურებდით. რუსეთი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის ბორტნიკოვის პირით ადანაშაულებს ბულგარეთს, საქართველოს და სხვა ქვეყნებს. აღნიშნულზე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს ქვეყნები არანაირ კავშირში არ არიან ქერჩის ხიდზე მომხდარ მოვლენებთან“, — დასძინა პოდოლიაკმა.
კრემლისტური მედიის ცნობით, ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე ФСБ-მ 8 ადამიანი დააკავა – რუსეთის 5 მოქალაქე, უკრაინისა და სომხეთის — 3, „ტერაქტის“ ორგანიზატორად კი უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილო ბუდანოვი დაასახელა.