ახალი ამბები

ამ საკითხს სტეფანჩუკთან შეხვედრისას დავსვამთ — სამხარაძე არესტოვიჩის განცხადებაზე

21 ოქტომბერი, 2022 • 778
ამ საკითხს სტეფანჩუკთან შეხვედრისას დავსვამთ — სამხარაძე არესტოვიჩის განცხადებაზე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ოლექსი არესტოვიჩის განცხადებებს უკრაინის რადას თავმჯდომარესთან შეხვედრისას განიხილავენ. ამის შესახებ მან დღეს, 21 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საქართველოსთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებების შეფასებისას სამხარაძე ამბობს, რომ ეს არათუ სამართლებრივ, არამედ „ფსიქიატრიულ პრობლემაზე“ მიანიშნებს.

„არესტოვიჩის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან თუ ვიმსჯელებთ, არათუ სამართლებრივ, ზოგადად, სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. არესტოვიჩი ამბობს, რომ თურმე უკრაინამ საქართველოში ძალების პროეცირება თუ ინტერვენცია უნდა მოახდინოს. არ ვიცი, ასეთი რამ მას თავში როგორ მოუვიდა.

თუ ვინმე ჩახედულია საერთაშორისო ურთიერთობებში და, წესით, არესტოვიჩი უნდა იყოს ჩახედული, მაშინ ამის ასე ღიად თქმა, სულ რომ ამას ფიქრობდე, სულ მინიმუმ უვიცობა კი არა, არ მინდა უხეში სიტყვა ვიხმარო, მაგრამ მაშინ რაღაც ფსიქიატრიულ პრობლემასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. იქიდან გამომდინარე, არ აქვს მნიშვნლეობა, ერთი ქვეყნის აგრესია მეორის წინააღმდეგ როგორი ფორმით განხორციელდება.

ახლა ამ განცხადებით არესტოვიჩი გვპირდება, რომ თურმე უკრაინა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებს. წარმოუდგენელია, მგონი, საერთოდ აბსურდის თეატრში ვართ. მე გთავაზობთ, რომ არესტოვიჩის, პოდოლიაკის სისულეების მოსმენა შევწყვიტოთ და ამაზე კომენტარების კეთებაც აღარ ღირს, იმდენად რეალობისგან და სიმართლისგანაა დაცლილი“, — განაცხადა სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, წინასწარ იცის, რომ უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი არესტოვიჩის განცხადებას ისე შეაფასებს, როგორც არასერიოზულს.

„ორშაბათს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით მივემგზავრებით ზაგრებში, ყირიმის პლატფორმაზე, რომელიც მოგეხსენებათ, რომ არის უკრაინის მხარდასაჭერი პლატფორმა. შეხვედრა გვექნება რადას თავმჯდომარე სტეფანჩუკთან და მასთან ამ საკითხს დავსვამთ, მაგრამ წინასწარ ვიცი, რა პასუხს მივიღებთ მისგან: „ეს არის არასერიოზული ადამიანის არასერიოზული განცხადება და ამიტომ ეს განცხადებას სერიოზულად ნუ მიიღებთ“, — განაცხადა სამხარაძემ.

რა თქვა არესტოვიჩმა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა  ALPHA MEDIA-ს Youtube არხზე, 1-ელ ოქტომბერს გასულ ინტერვიუში ისაუბრა უკრაინის როლზე ახალ მსოფლიო დღის წესრიგში.

გადაცემის წამყვანმა იური რომანენკომ გაახმიანა მოსაზრება, რომ რუსეთი ემზადება მთელი საქართველოს ანექსიისთვის და დაინტერესდა, საქართველოში რუსების მნიშვნელოვნად გაზრდილი რაოდენობა „სიტუაციის შიგნიდან ასაფეთქებლად“ ხომ არ იქნება გამოყენებული.

არესტოვიჩმა „კატასტროფა“ უწოდა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივად შედინებას იმის გათვალისწინებით, რომ „საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებას არ აქვს გადაწყვეტილებების მიღების უნარი და ანგრევს ყველაფერს, რაც შექმნა სააკაშვილმა“.

„კვლავ კორუმპირებული პოლიცია, თავად ქართველები ამბობენ, რომ ისევ ყველაფერი იყიდება… ეს, ცხადია, გრანდიოზული პრობლემაა ეროვნული უსაფრთხოებისთვის. წარმომიდგენია, სიმწრით თმებს როგორ იგლეჯენ პატრიოტულად განწყობილი ადამიანები სპეცსამსახურებში, მთავრობაში… ამდენად, ჩვენ იქ ძალის პროეცირებას მოვახდენთ, მოგვიწევს ქართველების ხსნა, მოლდოვის, სომხეთის და ყველას შველა.

ეს კარგი ისტორიაა იმიტომ, რომ მილიონ ჩვენს ნაომარ გოგო-ბიჭებს ყოველთვის გამოუჩნდება საქმე პოსტსაბჭოთა სივრცეში. მშვიდობისმყოფელები იქნება ეს, სტაბილიზაციის თუ ჰუმანიტარული ოპერაციები — ყველაფერს დასჭირდება წესრიგში მოყვანა“, — განაცხადა არესტოვიჩმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი