ახალი ამბები

უკრაინაში ომით გამოწვეული ინფრასტრუქტურული ზარალი $127 მილიარდს აჭარბებს — ანგარიში

21 ოქტომბერი, 2022 • 617
უკრაინაში ომით გამოწვეული ინფრასტრუქტურული ზარალი $127 მილიარდს აჭარბებს — ანგარიში

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად გამოწვეული ინფრასტრუქტურული ზარალი, პირველი სექტემბრის მდგომარეობით, $127 მილიარდს აჭარბებს. ანგარიშს აქვეყნებს  “კიევის ეკონომიკის სკოლა”(KSE).

ავტორთა თანახმად, რუსეთის მოქმედებების შედეგად გამოწვეულმა ზარალმა, მხოლოდ ზაფხულში, $31 მილიარდი შეადგინა.

ანგარიშის მიხედვით, ზარალის ყველაზე დიდი წილი — 39.7%, ანუ $50.5 — საბინაო ფონდზე მოდის. ივნისის დასაწყისიდან ეს თანხა $11.2 მილიარდით არის გაზრდილი. დაზიანებული ან დანგრეულია 135 800 კერძო სახლი და ბინა. ეს უკრაინის საბინაო ფონდის 7.3%-ია.

ზარალის ოდენობით მეორე ადგილზეა ინფრასტრუქტურული ობიექტები, 27.7%-იანი წილით, შესაბამისად, $35.3 მილიარდით. აქედან $26.6 მილიარდი დანგრეულ გზებზე მოდის, $4.3 მილიარდი კი — სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დანაკარგზე.

ბიზნესების ჯამური დანაკარგები $9.9 მილიარდად არის შეფასებული. ანგარიშის მიხედვით, ამ კუთხით მეტალურგიის სექტორმა ყველაზე მეტად იზარალა. ჯამში, სულ მცირე, 412 ბიზნესი დაზიანდა ან განადგურდა ომის დაწყების შემდეგ.

ავტორები აღნიშნავენ, რომ სავარაუდოდ, რეალური მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვინაიდან არ არსებობს ინფორმაცია უკრაინული ბიზნესების მდგომარეობასთან დაკავშირებით დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ანგარიშში ასევე მოცემულია საგანმანათლებლო სექტორისთვის მიყენებული ზარალი, რომელიც $6.95 მილიარდად ფასდება. ავტორთა თანახმად, სულ მცირე, 810 საგანმანათლებლო დაწესებულება დაინგრა და 1 639 დაზიანდა. ყველაზე მეტი ასეთი დაწესებულება დაინგრა დონეცკში, ხარკოვში, ლუგანსკსა და კიევში.

ამასთან, თებერვლიდან დღემდე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დააზიანეს, დაანგრიეს ან დაიკავეს, სულ მცირე, 616 ადმინისტრაციული შენობა; 976 სამედიცინო დაწესებულება; 1 270 სკოლა; 786 საბავშვო ბაღი; 775 კულტურული დაწესებულება; 80 რელიგიური დანიშნულების ობიექტი და სხვ.

რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. მისმა შეიარაღებულმა ძალებმა ომის არაერთი დანაშაული ჩაიდინეს და დღემდე აგრძელებენ სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას.

მომზადებულია KSE-სა და Ekonomichna pravda-ს მიხედვით

მასალების გადაბეჭდვის წესი