ახალი ამბები

მტრული გადაწყვეტილებაა — წულუკიანი უკრაინის მიერ ივანიშვილის გარემოცვის სანქცირებაზე

21 ოქტომბერი, 2022 • 1663
მტრული გადაწყვეტილებაა — წულუკიანი უკრაინის მიერ  ივანიშვილის გარემოცვის სანქცირებაზე

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესება მტრული გადაწყვეტილებაა.

როგორც წულუკიანი ამბობს, აღნიშნული სანქციები საქართველოს ომში ჩართვის მორიგი მცდელობაა, რასაც საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს.

„სანქციები, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ გამოიცა უკრაინის ხელისუფლების მიერ, როგორც გადაწყვეტილება, უშიშროების საბჭოს ეკუთვნის. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი კი ის პირია, რომელიც ჩვენს ერს საქართველოს ომში ჩაბმისკენ მოუწოდებდა და არ ადარდებდა ის, თუ რა გავლენას იქონიებდა ეს ჩვენს თაობებზე და იმ ოკუპირებულ ქვეყანაზე, რომელიც უკრაინაზე ადრე იყო საქართველო.

ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვა, ის ქვეყანა, რომელიც თითქოს ამბობს, რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს. ალბათ, უშიშროების საბჭოსგან მომდინარე ეს გადაწყვეტილება უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში, მაგრამ ეს არ მოხდება“, – განაცხადა წულუკიანმა.


უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება, რომლის თანახმადაც სანქციები ივანიშვილის გარემოცვასა და სხვა პირებზე გავრცელდება. ბრძანება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.

სხვებთან ერთად, სანქციები შეეხებათ ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს; ასევე, უჩა მამაცაშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია, და ტიტე მამაცაშვილს, რომელიც უჩა მამაცაშვილის შვილია.

სანქციები გულისხმობს აქტივების დაბლოკვას, ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვის აკრძალვას, უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირების აკრძალვას, ლიცენზიების გაუქმებასა და სხვა ეკონომიკურ შეზღუდვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი