ახალი ამბები

რბოლა UK-ის პრემიერობისთვის 2.0

21 ოქტომბერი, 2022 • 860
რბოლა UK-ის პრემიერობისთვის 2.0

წელს უკვე მეორედ, გაერთიანებულ სამეფოში ახალი პრემიერ-მინისტრს ირჩევენ.

გუშინ, 20 ოქტომბერს, დაკავებული თანამდებობა, დანიშვნიდან 44 დღეში, დატოვა ლიზ ტრასმა, რომლის მიერ დაანონსებულმა მემარჯვენე რეფორმებმა სრული კრახი განიცადა და გადადგომა მოუწია.

მიუხედავად იმისა, რომ ლეიბორისტული პარტიის წევრები ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, კონსერვატორები პრემიერს  მაინც საკუთარი რიგებიდან, არჩევნების გარეშე აირჩევენ.

შედეგად, კონსერვატორ კანდიდატებს ახლაც იმავე პროცესის გავლა მოუწევთ, რაც ზაფხულში წარიმართა, ერთხელ უკვე დიდი დაპირისპირების ფონზე.

ვინ შეიძლება გახდეს ახალი პრემიერი 

ჯერჯერობით კონსერვატორებს არ დაუსახელებიათ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები, მაგრამ მედიაში უკვე ვრცელდება ცნობები შესაძლო კანდიდატების შესახებ.

BBC-ის თანახმად, წინა პრაიმერისში მონაწილე რიში სუნაკი და პენი მორდონტი ამჯერადაც მიიღებენ მონაწილეობას ლიდერისა და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის ასარჩევ შეჯიბრში.

რიში სუნაკი ბოლო ჯერზე „ფინალშიც“ გავიდა, სადაც ლიზ ტრასთან დამარცხდა, თუმცა მაშინ, ბრიტანელი ბუქმეიკერების აზრით, აშკარა ფავორიტი ტრასი იყო, ამჯერად ბუქმეიკერები მთავარ ფავორიტად ჯერჯერობით რიში სუნაკს ასახელებენ.

როგორც სუნაკი, ასევე, ტრასიც, „მცირე სახელმწიფოს იდეის“ მხარდამჭერი პოლიტიკოსია. იგი ცნობილი გახდა კორონავირუსის პანდემიის მართვისას, როდესაც მხარს უჭერდა რეგულაციების მოხსნასა და ეკონომიკის ამუშავებას.

ლიზ ტრასისა და სუნაკის დაპირისპირების დროს სუნაკი უკრაინის ომის თემას ნაკლებ ყურადღებას უთმობდა.

რაც შეეხება პენი მორდონტს, იგი პარტიის წევრებს შორის პოპულარობით სარგებლობს. წარსულში აკრიტიკებდა ჯონსონს კორონავირუსის პანდემიის დროს წვეულების მოწყობის გამო. სხვადასხვა დროს ეკავა მინისტრის პოზიციები საერთაშორისო განვითარების, ქალთა უფლებებისა და თავდაცვის მიმართულებებით.

პრაიმერის შესაძლო კანდიდატები: რიში სუნაკი, პენი მორდონტი და ბორის ჯონსონი

ბრიტანულ მედიაში აქტიურად საუბრობენ პრაიმერისში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის შესაძლო ჩართვაზეც.

იგი თანამდებობაზე ყოფნისას არაერთხელ გაეხვა სკანდალში. ჯონსონი პოლიციამაც კი დააჯარიმა კორონავირუსის რეგულაციების დარღვევისა და პანდემიის დროს წვეულებების გამართვის გამო.

ბოლოს კი განხეთქილება ჯონსონსა და მისი მთავრობისა და პარტიის წევრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კრის პინჩერი პარტიის დისციპლინური ორგანოს ხელმძღვანელად დააწინაურა.

თანამდებობის დატოვებისას ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ დაბრუნდებოდა.

გარდა სუნაკის, მორდონტისა და ჯონსონისა, კანდიდატებად ასევე შეიძლება ვიხილოთ თავდაცვის მდივანი ბენ ვოლასი, საერთაშორისო ვაჭრობის მდივანი კემი ბეიდინოხი, საგარეო საქმეთა მდივანი ჯეიმს ქლევერლი, იუსტიციის მდივანი ბრენდონ ლევისი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, სუელა ბრეივმანი.

ეს უკანასკნელი თანამდებობიდან ლიზ ტრასის მმართველობის დროს გადადგა, რადგან სახელმწიფო დოკუმენტი კოლეგას პერსონალური ანგარიშით გაუგზავნა, რაც ბრიტანეთში დიდ დანაშაულად ითვლება.

როგორ აირჩევენ ახალ პრემიერს  

თითოეული კანდიდატი, რომელიც პრაიმერისში მონაწილეობას გადაწყვეტს, კონსერვატორთა პარტიიდან არჩეულმა მინიმუმ 100-მა პარლამენტარმა უნდა დაასახელოს.

იმ შემთხვევაში, თუ 100 პარლამენტარის მხარდაჭერას მხოლოდ 1 კანდიდატი მოიპოვებს, მაშინ იგი ავტომატურად ხდება პრემიერი, თუმცა ასეთი რამ, როგორც წესი, იშვიათად ხდება.

იმ შემთხვევაში, თუ 100 დეპუტატი მხარს 2-ზე მეტ კანდიდატს დაუჭერს, მაშინ მომდევნო ხმის მიცემის დროს დეპუტატები ყველაზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე კანდიდატს პრაიმერს ჩამოაშორებენ, მანამ ,სანამ 2 კანდიდატი არ დარჩება.

ამის შემდეგ დეპუტატები და პარტიის უფრო დიდი კოლეგია ერთ კანდიდატს აირჩევს, რომელიც პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდება.

კონსერვატორთა დაპირების თანახმად, ამ ჯერზე შეეცდებიან, რომ ეს პროცესი სწრაფად წარიმართოს, რადგან ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი არ გაღრმავდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი