ახალი ამბები

წალენჯიხაში “იუვენტუსის” ახალგაზრდული აკადემიის გახსნა იგეგმება — მერია

21 ოქტომბერი, 2022 •
წალენჯიხაში “იუვენტუსის” ახალგაზრდული აკადემიის გახსნა იგეგმება — მერია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ცნობილი საფეხბურთო კლუბ “იუვენტუსის” ახალგაზრდული აკადემიის გახსნა იგეგმება. ამის შესახებ “ნეტგაზეთთან” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ ისაუბრა.

ბელქანიას განმარტებით, ეს იქნება მაღალი დონის საფეხბურთო აკადემია, რომელიც მოიცავს სავარჯიშო სივრცეებს, დამხმარე სტადიონებს, საშხაპეებს, საცურაო აუზსა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურას, რაც ბავშვებს სპორტული უნარების განვითარებაში შეუწყობს ხელს.

მისი თქმით, იუვენტუსთან მოლაპარაკებების რამდენიმე ეტაპი უკვე დასრულებულია და ამჟამად იგეგმება სასწავლო მოდულის შექმნა, რომელიც ქართველი ტრენერების იტალიაში გადამზადებასა და იტალიელი ტრენერების საქართველოში ვიზიტებს გულისხმობს. ბელქანია ვარაუდობს, რომ პროექტის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება.

“მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულებულია. მეორე ეტაპი იყო წალენჯიხის და ჯვრის სტადიონების დათვალიერება, ესეც მოხდა. მესამე ეტაპი იყო ბავშვებთან გასაუბრება და მათი შესაძლებლობების მოსინჯვა. საკმაოდ დიდი სამუშაოა ჩატარებული და ვფიქრობთ, არაფერი შეუშლის ხელს, რომ სწორედ წალენჯიხაში გაიხსნას “იუვენტუსის” ამიერკავკასიის საფეხბურთო აკადემია”, — ამბობს ბელქანია.

მერის მოადგილე განმარტავს, რომ აკადემია არა მხოლოდ ფეხბურთს, არამედ, ზოგადად, სპორტის იმ მიმართულებებს მოიცავს, რაც ბავშვებს სხვადასხვა უნარის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. მისი თქმით, “იუვენტუსი” აკადემიის ფარგლებში ამზადებს მსოფლიოში 25 000 ბავშვს და ასწავლის სპორტს, როგორც “განათლების შემადგენელ ნაწილს”.

რაც შეეხება კომპლექსისთვის საჭირო ფინანსებს, ბელქანიას განმარტებით, დაფინანსებაში ჩართული იქნება წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, “იუვენტუსი”, ასევე პარტია “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და სხვადასხვა ინვესტორი.

“მთავარია დავიწყოთ, მივყვეთ გეგმას, რომელიც ჩამოყალიბებული გვაქვს, და შედეგი, რა თქმა უნდა, იქნება. ძალიან ბევრი ბავშვია უკვე დაინტერესებული ფეხბურთით. ჯვარში და წალენჯიხაში, მხოლოდ ორ ქალაქში,  500-მდე ბავშვი დადის ფეხბურთზე. იმდენად კარგი ბუნებრივი მონაცემებია წალენჯიხაში, რომ პროექტი ღირს, რომ ჩავუშვათ”, — ამბობს ბელქანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი