ახალი ამბები

პედაგოგის მიერ მოსწავლის ცემის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო

21 ოქტომბერი, 2022 • 713
პედაგოგის მიერ მოსწავლის ცემის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გურჯაანში გამოძიება დაიწყო 7 წლის ბავშვზე თანაკლასელებისა და მასწავლებლის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე.

როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მეორეკლასელი მოსწავლის დედა ეკა გოგინაშვილი „ფორმულასთან“ ყვება, რომ თანაკლასელებმა მის შვილს ყელში მავთული წაუჭირეს და ბავშისთვის ყელის არეში მიყენებული დაზიანების ფოტოსურათს ავრცელებს.

„ბავშვებს შორის მოხდა უთანხმოება. კლასელებმა ჩემს შვილს ყელში მავთული წაუჭირეს. ბავშვი იძახის, რომ იხრჩობოდა. შემდეგ საპასუხოდ ჩემს შვილს, ვინც ყელში მავთული წაუჭირა, სახეში გაურტყამს. მასწავლებელი შეესწრო ამ სიტუაციას და მასწავლებელმა გაარტყა ნიკოლოზს სახეში. ეს ყველაფერი ვაცნობე დირექციას და რესურსცენტრს. ახლა მიდის მოკვლევა. იცის სამინისტრომაც. სანამ სამინისტრომდე არ მივიტანე ინფორმაცია, რეაგირება არ მოჰყოლია“, — განაცხადა გოგინაშვილმა.

მისი თქმით, შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა.

გურჯაანის საგნმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი დალი მინდიაშვილი ამბობს, რომ მანდატურის სამსახურმაც და სკოლის დირექციამაც „ყველაფერი სწორად გააკეთა“ და მოკვლევა მიმდინარეობს.

„ამ მოკვლევას ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს, წყნარად, მშვიდად ჩატარდეს და ჩაინიშნოს დისციპლინური კომიტეტის სხდომა“, — განაცხადა დალი მინდიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი