ახალი ამბები

Hasta la vista, baby — შესაძლოა, ჯონსონი კვლავ პრემიერი გახდეს

20 ოქტომბერი, 2022 • 610
Hasta la vista, baby — შესაძლოა, ჯონსონი კვლავ პრემიერი გახდეს

გაერთიანებული სამეფოს უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის წასვლის შემდეგ შესაძლოა, ამ პოსტზე ბორის ჯონსონი კიდევ ერთხელ ვიხილოთ.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯონსონს კონსერვატორთა პარტიის პრაიმერისში მონაწილეობის მიღება სურს, ბრიტანული Times ავრცელებს.

როგორც გამოცემა აცხადებს, ჯონსონს მიაჩნია, რომ მისი პრემიერად დაბრუნება ქვეყნის „ეროვნული ინტერესია“.

პარლამენტში ბოლო გამოსვლისას ბორის ჯონსონმა წარმოთქვა ცნობილი ფრაზა  ფილმიდან „ტერმინატორი“ – „Hasta la vista, baby“, რაც თანამედროვეობაში კვლავ დაბრუნების დაპირების მნიშვნელობით გამოიყენება.

ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გამო შესაძლოა, რომ ახალი პრემიერი ერთი კვირის ვადაში აირჩიონ.

წინა ჯერზე პრაიმერი რამდენიმე კვირა იმართებოდა.

ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვას ითხოვს ლეიბორისტული პარტია, რომელიც კონსერვატორების მთავარი კონკურენტია.

ახალი არჩევნების ჩატარების მომხრეა შოტლანდიის პირველი მინისტრიც. ნიკოლა სტარჯონის განცხადებით, არჩევნები „დემოკრატიული ალტერნატივაა“.

ჯონსონმა პრემიერ-მინისტრის პოსტი წელს მას შემდეგ დაკარგა, რაც საკუთარმა პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა.

მიზეზი ჯონსონის მიერ სექსუალურ შევიწროებაზე მხილებული პირის დაწინაურება იყო.

რაც შეეხება ლიზ ტრასს, მან თანამდებობა დღეს, 20 ოქტომბერს დატოვა, მიზეზი კი მისი ინიციატივით დაწყებული რეფორმების სრული კრახია, რამაც ქვეყანაში კრიზისი შექმნა.

ტრასს პრემიერის პოსტი მხოლოდ 44 დღით ეკავა და გახდა ბრიტანეთის პრემიერი, რომელიც ამ თანამდებობაზე ყველაზე ხანმოკლე ვადით იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი