ახალი ამბები

ზოგიერთ ელჩს ბატების მწყემსადაც არ დავნიშნავდი – ელისაშვილი

20 ოქტომბერი, 2022 • 690
ზოგიერთ ელჩს ბატების მწყემსადაც არ დავნიშნავდი – ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, საქართველოს ელჩების ნაწილს ელჩად არ დანიშნავდა:

„მე პირადად დიდი კვლევა არ ჩამიტარებია, რამდენიმე ვიზიტით ვიყავი პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, რამდენიმე ელჩს შევხვდი. ზოგიერთით ვიყავი აბსოლუტურად აღტაცებული, და ზოგიერთ ელჩს ბატების მწყემსად არ დავნიშნავდი, ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილმა ეს ფრაზა წარმოთქვა 20 ოქტომბერს, პარლამენტში, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი პარლამენტის წინაშე წარდგა. ელისაშვილმა მას ელჩებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა – რამდენად ეფექტიანად მუშაობენ:

„ელჩებზე და მათი მუშაობის ეფექტურობაზე მინდა გკითხოთ. ფაქტია, ვართ პატარა, ღარიბი ქვეყანა და ყველგან არ გვყავს ელჩი. ვიცით, რომ ზოგიერთი რამდენიმე ქვეყანას ფარავს ერთდროულად. მაგრამ ისიც ფუფუნებაა, რომ ჩვენნაირი ღარიბი ქვეყანა ელჩებით არის წარმოდგენილი ბევრ ქვეყანაში. და, წესით, ისინი ძალიან ეფექტურად უნდა მუშაობდნენ და ქვეყნის სამსახურში ათენებდნენ და აღამებდნენ“.

„გაქვთ თუ არა რაიმე კრიტერიუმები, როგორ აფასებთ, ვინ მუშაობს კარგად, ცუდად, და ვინ რითია დაკავებული“, – ჰკითხა ელისაშვილმა მინისტრ დარჩიაშვილს.

მინისტრა დარჩიაშვილმა მოგვიანებით განაცხადა, „ჩვენ ნამდვილად საამაყო დიპლომატიური კორპუსი გვყავს“ და ელისაშვილს მოუწოდა:

„მე არ ვიცი, თქვენ რა ფორმატში გქონდათ ელჩებთან შეხება. მე თქვენს ადგილას ჩვენი ქვეყნის ელჩებს ასე არ შევაფასებდი. ჩვენი ქვეყნის ელჩი არის ადამიანი, რომელიც ჩვენ ქვეყანას წარმოადგენს საზღვარგარეთ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი