ახალი ამბები

პროკურატურამ კობა ლეთოდიანს დაზარებულის სტატუსზე უარი მეორედ უთხრა — ნათია ლეთოდიანი

20 ოქტომბერი, 2022 • 588
პროკურატურამ კობა ლეთოდიანს დაზარებულის სტატუსზე უარი მეორედ უთხრა — ნათია ლეთოდიანი

„დროას“ წევრის, ნათია ლეთოდიანის განცხადებით, მამამის კობა ლეთოდიანს, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისს თვალი დაკარგა, პროკურატურამ დაზარებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი მეორედ უთხრა. ამის შესახებ მან დღეს, 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი დადგენილება პროკურატურისგან გუშინ მიიღეს, სადაც წერია, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ჯერ არ არის დადგენილი, რამდენად სწორად იქნა გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიებები ლეთოდიანის წინააღმდეგ.

„მამაჩემმა, კობა ლეთოდიანმა, ცალი თვალი დაკარგა აფხაზეთის ომში, ხოლო მეორე თვალი- 20 ივნისს, გავრილოვის სისხლიან ღამეს პარლამენტის წინ. პროკურატურამ მოსწერა, რომ  გამოძიება მიმდინარეობს და არ არის დადგენილი .

ეს არის ყოვლად დამცინავი და შეურაცხმყოფელი დადგენილება არამარტო მამაჩემის, ნებისმიერი დასახიჩრებული და თვალდათხრილი ადამიანის მიმართ, რომელმაც აუნაზღაურებელი ტრამვა მიიღო 20 ივნისის ღამეს“, – განაცხადა ნათია ლეთოდიანმა.

როგორც ნათია ლეთოდიანი აცხადებს, ყველა გზას გამოიყენებს იმისთვის, რომ „ეს დაცინვა და ცინიკური დამოკიდებულება ოლიგარქის პროკურატურას არ აპატიონ“.


საქართველოს ხელისუფლებამ  2019 წლის 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი