ახალი ამბები

სახაროვის პრემია უკრაინას გადაეცა

19 ოქტომბერი, 2022 • 1191
სახაროვის პრემია უკრაინას გადაეცა

“სახაროვის პრემია გადაეცა უკრაინის მამაც ხალხს, რომელსაც წარმოადგენენ პრეზიდენტი, არჩეული ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოება”, – გადაწყვეტილება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ დღეს, 19 ოქტომბერს გამოაცხადა, დაჯილდოების ცერემონიალი კი სტრასბურგში 14 დეკემბერს გაიმართება.

2022 წლის სახაროვის პრემიის ფინალისტებს შორის, უკრაინის ხალხთან და მათ წარმომადგენლებთან ერთად, იყვნენ „ვიკილიქსის“ თანადამფუძნებელი ჟულიან ასანჟი და კოლუმბიის სიმართლის კომისია.

ევროპარლამენტის თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია წარადგინოს კანდიდატები, ისევე როგორც ცალკეულ ევროპარლამენტარებს (თითოეული კანდიდატისთვის საჭიროა მინიმუმ 40 ევროპარლამენტის მხარდაჭერა). ნომინანტები წარდგენილნი არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, განვითარების კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის ერთობლივ სხდომაზე, ხოლო სრული კომიტეტის წევრები კენჭს უყრიან სამი კანდიდატის მოკლე სიას.

რობერტა მეცოლას თქმით, პრეზიდენტთა კონფერენციამ, რომელშიც შედის ევროპარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ჯგუფის ლიდერი, ერთსულოვანი გადაწყევტილება მიიღო.

„უკრაoნელები გმირულად იცავენ საკუთარ ქვეყანას, სახლებს, თავისუფლებას, ოჯახებს. უკრაინელი ხალხი ასევე რისკავს თავის სიცოცხლეს ევროპისთვის. უფრო მეტად არავის ეკუთვნის ეს პრიზი“, — განაცხადა რობერტა მეცოლამ და დასძინა, რომ არც უკრაინელი ხალხი და არც ევროპა არ დანებდება.

„ნომინაციაში გამორჩეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მისი სიმამაცის, გამძლეობისა და ხალხისადმი ერთგულებისთვის. უკრაინის ნომინაცია ასევე აღნიშნავს ცალკეული პირების, სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივების და სახელმწიფო და საჯარო ინსტიტუტების როლს, როგორიცაა -უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურები; იულია პაჟევსკა, საევაკუაციო სამედიცინო განყოფილების “ანგელოზები ტაირას” დამფუძნებელი; ალექსანდრა მატივიჩუკი, ადამიანის უფლებათა იურისტი და აქტივისტი; “ყვითელი ლენტი”- სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობა;  ივან ფედოროვი, უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის მერი“, — ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ სახაროვის პრიზის ფინალისტების შესახებ გავრცელეულ ცნობაში.

საბჭოთა ფიზიკოსისა და პოლიტიკური დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია ევროპარლამენტის მიერ 1988 წლიდან გაიცემა ადამიანებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიას, საერთაშორისო სამართალსა და უმცირესობეის უფლებებს. პრემიის საპრიზო თანხა 50 000 ევროს შეადგენს.

სახაროვის პრემიის ყველა დროის ლაურეატებს შორის არიან ნელსონ მანდელა, კოფი ანანი, ლუდმილა ალექსეევა, ოლეგ სენცოვი, ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე და სხვები.

გასულ წელს სახაროვის პრემია რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის მიენიჭა.

მასალების გადაბეჭდვის წესი