ახალი ამბები

ივანო-ფრანკივსკში რაკეტა თბოსადგურს მოხვდა და ხანძარი გაჩნდა

19 ოქტომბერი, 2022 •
ივანო-ფრანკივსკში რაკეტა თბოსადგურს მოხვდა და ხანძარი გაჩნდა

19 ოქტომბერს, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის დაბომბვისას, რაკეტა დასავლეთ უკრაინაში, ივანო-ფრანკივსკის ოლქში მდებარე ბურშტინსკის თბოელექტროსადგურს მოხვდა.

ინფორმაცია ამის შესახებ რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ სვეტლანა ონიშჩუკმა „ტელეგრამში“ გაავრცელა. მისივე თქმით, სადგურზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მაშველებმა უკვე ჩააქრეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ბურშტინსკას ჰიდროელექტროსადგურის მიმდებარედ გზა დროებით გადაკეტილია.

ონიშჩუკმა რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდა, განსაკუთრებით, 17:00-დან 23:00 საათამდე პერიოდში.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთი უკრაინაში დარტყმებს ახორციელებს ენერგოინფრასტრუქტურაზე, რაც უკრაინiს რიგ ქალაქებში და დასახლებებში ელექტრომომარაგების შეფერხებას იწვევს.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშენკოს განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთმა უმთავრეს სამიზნედ აქცია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ის არის, რომ უკრაინული ელექტროენერგიის ექსპორტი „ეხმარება ევროპის ქვეყნებს, დაზოგონ რუსული გაზი და ნახშირი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი