ახალი ამბები

პუტინი ანექსირებულ ტერიტორიებზე „საომარ რეჟიმს“ აცხადებს

19 ოქტომბერი, 2022 • 846
პუტინი ანექსირებულ ტერიტორიებზე „საომარ რეჟიმს“ აცხადებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის იმ ტერიტორიებზე, რაც რუსეთის მიერაა ანექსირებული, საომარ მდგომარეობას აცხადებს. საუბარია ანექსირებულ ხერსონზე, ზაპოროჟიეზე, ლუგანსკსა და დონეცკზე.

19 ოქტომბერს კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე პუტინის სიტყვა, რომლის თანახმადაც მან ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას „რუსეთის ფედერაციის შემადგენელ ამ ოთხ სუბიექტის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“.

ბრძანების თანახმად, საომარი მდგომარეობა ძალაში 20 ოქტომბერს შედის.

ამასთან, კიდევ ერთი განკარგულებით, პრეზიდენტმა პუტინმა შემოიღო „საშუალო დონის რეაგირების რეჟიმი“ ოკუპირებული ყირიმის, ასევე, კრასნოდარის, ბელგოროდის, კურსკის, ვორონეჟის, ბრიანსკის, როსტოვისა და სევასტოპოლის ტერიტორიებზე.

ამ რეჟიმის პირობებში, აღნიშნული ტერიტორიების უმაღლესი თანამდებობის პირებმა უნდა უზრუნველყონ:

  • „საზოგადოებრივი წესრიგის გაძლიერებულად დაცვა;
  • მცხოვრებლების დროებით გადაყვანა უსაფრთხო ტერიტორიებზე;
  • ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლის სპეციალური რეჟიმის შემოღება და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა“ და ა.შ..

პუტინმა ასევე გასცა ბრძანება, დაწესდეს „მაღალი განგაშის რეჟიმი“ რუსეთის შემადგენელი ერთეულების სხვა ტერიტორიებზე, რომლებიც შედიან ცენტრალური ფედერალური ოლქისა და სამხრეთ ფედერალური ოლქის შემადგენლობაში.

აღნიშნულ ტერიტორიებზე უნდა „გაძლიერდეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა“ და „გაძლიერდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ობიექტების დაცვა“; ასევე, „უნდა იქნას შემოღებული მათი ფუნქციონირების სპეციალური რეჟიმი“, ხოლო ავტომობილების მოძრაობა უნდა შეიზღუდოს.

„რუსეთის ფედერაციის ყველა სხვა ტერიტორიაზე“ პრეზიდენტმა პუტინმა „მზადყოფნის საბაზისო რეჟიმი“ გამოაცხადა.

ამ რეგიონების ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს საზოგადოებრივი წესრიგისა და მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა და ამ ობიექტების მუშაობის სპეციალური რეჟიმი შემოიღოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი