ახალი ამბები

სასაზღვრო პოსტი მამისონზე

11 მაისი, 2010 • • 1258
სასაზღვრო პოსტი მამისონზე

მამისონის უღელტეხილთან დაკავშირებით რუსულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 6 მაისს მამისონის უღელტეხილზე მდებარე ყოფილ მეტეოსადგურზე რუსული სასაზღვრო პოსტის გაიხსნა, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, მამისონის უღელტეხილი ამჟამად დათოვლილია და იქ ასვლა შეუძლებელია. „შეიძლება, რუსეთი სპეცტექნიკით ავიდა, რაც ნაკლებად სავარაუდოა“,  განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.

იაკობაშვილმა თავი შეიკავა კომენტარისგან, დგანან თუ არა რუსი და ოსი სამხედროები მეტეოსადგურთან.

ინტერნეტგამოცემა ”კავკაზსკი უზელის”  მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო სამმართველოს პრესსამსახურის უფროსი ალექსანდრე სოლოდი, ამბობს, რომ საგუშაგო სრული დატვირთვით მუშაობს და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის კობა ბოჭორიშვილის განცხადებას, რომ მამისონოს უღელტეხილზე მდებარე ყოფილ მეტეოსადგურზე რუსული სასაზღვრო საგუშაგო არ გახსნილა, გაუგებრობას უწოდებს.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს: „იქ რუსები დგანან, ერთი წლისწინანდელი მონაცემებით ნამდვილად ვიცი, რომ იქ იყვნენ რუსები და ოსები, თავიანთი დროშები გამოფინეს.“  

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში ამბობდა, რომ მამისონში, მეტეოსადგურის თავზე, რუსულ–ოსური დროშები ფრიალებდა. ასევე, საუბარი იყო საზღვრის რამდენიმე კილომეტრით გადმოწევაზე. თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას ქართული მხარე არ ადასტურებდა.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი