ახალი ამბები

„მოქალაქეები“ პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს სახალხო დამცველობის ყველა კანდიდატს

19 ოქტომბერი, 2022 • 694
„მოქალაქეები“ პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს სახალხო დამცველობის ყველა კანდიდატს

პარტია „მოქალაქეები“ პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს სახალხო დამცველის ყველა – 19-ვე კანდიდატურას. ამის შესახებ დღეს, 19 ოქტომბერს, პარტიის წევრმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მათი პარტია კანდიდატებს „ფავორიტიზმით“ ვერ წარადგენს და ამიტომ ყველა კანდიდატს თანაბარ საშუალებას აძლევენ, რომ პარლამენტს თავიანთი მოსაზრებები გააცნონ.

„უკლებლივ ყველა კანდიდატს წარვადგენთ და ყველას მოსმენა იქნება პარლამენტში. ყველას სახელი და გვარი დადგება კენჭისყრაზე.  ამის შემდეგ უკვე ჩვენი მოქალაქეები გაიგებენ, რომელმა დეპუტატმა ვის დაუჭირა მხარი. კენჭისყრა არის ღია და ეს იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესი.

მე არ ვაპირებ კანდიდატების მიმართ ფავორიტიზმით დაკავებას, რადგან ძირითადად არავის არ ვიცნობ იაგო ხვიჩიას გარდა. თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ყველას უნდა მივცე საშუალება, თავიანთი მოსაზრებები წარადგინონ და სახალხო დამცველობისთვის იბრძოლონ. მათ ამ საშუალებას ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი მივცემთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.


მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.

პარლამენტმა სახალხო დამცველი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით, ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს. დღეს პარლამენტში კი 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის, არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა როგორც „ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები.

შეფასების სამუშაო ჯგუფმა სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველი  19 პირი შეაფასა და შესაბამისი ქულები დაუწერა. როგორც კომისიის შეფასებების გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, 19 პირიდან ყველაზე მაღალი ქულები ანა აბაშიძემ, ნაზი ჯანეზაშვილმა, ნუგზარ კოხრეიძემ და გიორგი ბურჯანაძემ (მოქმედი ომბუდსმენის პირველი მოადგილე) მიიღეს.

კომისიის შეფასებების შემდეგ,  პარლამენტში წარმოდგენილმა სუბიექტებმა მინიმუმ 7 კანდიდატი საკანონმდელბლო ორგანოს ასარჩევად 21 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინონ. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტს 7-ზე ნაკლები კანდიდატი წარედგინება, მაშინ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი თავიდან დაიწყება.

კანონის თანახმად კი, თუ პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს ვერ აირჩევს, მაშინ მის მოვალეობას ომბუდსმენის პირველი მოადგილე შეასრულებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი სახალხო დამცველის არჩევით დაინტერესებული არაა. მისი თქმით, ამჟამინდელი სახალხო დამცველის ოფისი „ნაციონალირი მოძრაობის“ მხარდამჭერებით არის დაკომპლექტებული და თუ პარლამენტმა ახალი ომბუდსმენი არ აირჩია, სახალხო დამველის არსებული ოფისი მათი გავლენის ქვეშ დარჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი