ახალი ამბები

საკრებულოს წევრები თბილისის მთავრობის სხდომაზე შესვლას ითხოვენ

19 ოქტომბერი, 2022 • 520
საკრებულოს წევრები თბილისის მთავრობის სხდომაზე შესვლას ითხოვენ

თბილისის საკრებულოს წევრები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებიდან, მათ შორის, ენმ-დან და „ლელოდან“, დედაქალაქის მერიასთან იმყოფებიან და ელიან, შეუშვებენ თუ არა მთავრობის სხდომაზე, რომელსაც ქალაქის მერი კახა კალაძე წაუძღვება.

მათ ორჯერ ჰქონდათ საუბარი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთან, თუმცა ვერ მიიღეს კონკრეტული პასუხი იმაზე, დაუშვებენ თუ არა მთავრობის სხდომაზე. მერიის დაცვის სამსახურის თანამშრომლების გარდა, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

 

თბილისის მერიასთან იმყოფებიან ვატო სურგულაძე, საბა ბუაძე, ნინო წულაძე, ნინო კვიტაიშვილი, ირაკლი ნადირაძე, ლილე ლიპარტელიანი. ისინი ამბობენ, რომ ბევრი კითხვა აქვთ ვაკის პარკში მომხდარზე, ტექნიკურ დეტალებზე, კორუფციაზე, უსაფრთხოებაზე და ა.შ.

„გაუგონარია, რაც ხდება [მთავრობის სხდომის] დღის წესრიგში. ამხელა ტრაგედიის და უბედურების შემდეგ, პირველ და მეორე საკითხად (სულ 12 საკითხია) შეტანილია ფესტივალის ორგანიზება და თემურ ყვითელაშვილის კონცერტის დაფინანსება. ხვდებით ხომ, სად ვართ?! დანარჩენი 10 საკითხიც არის, ვის რა ქონება გადასცენ და გენგეგმაში რა ცვლილებები შეიტანონ, რომ შემდეგ ახალი სამშენებლო ნებართვები გასცენ თავიანთ მაფიოზ მეგობრებზე. ვაკის პარკი საკითხებში ნახსენები არ არის“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ირაკლი ნადირაძემ.

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, ახლად გახსნილ შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად 13 წლის ორი ბიჭი შევიდა, რომლებსაც დენმა დაარტყა.

მეგობრების დასახმარებლად წყალში ჩავიდა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

ვაკის პარკის შადრევანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს, მათ შორის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართული კომპანიის „გრინსერვის პლუსის” დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგიშვილი.

„გრინსერვისის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და კიდევ 8 პირი დააკავეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი