ახალი ამბები

იოსელიანმა თითი არ მიაჭირა ღილაკს, რეზოლუციის კენჭისყრის შედეგებში მისი გვარი არაა – კობახიძე

18 ოქტომბერი, 2022 • 1318
იოსელიანმა თითი არ მიაჭირა ღილაკს, რეზოლუციის კენჭისყრის შედეგებში მისი გვარი არაა – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „მოქალაქეების“ წევრ ლევან იოსელიანს, PACE-ში კენჭისყრის დროს, მხარი არ დაუჭერია რეზოლუციისთვის, რომლითაც რუსეთის დღევანდელი რეჟიმი ტერორისტულადაა გამოცხადებული.

საუბარია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელსაც მხარი არ დაუჭირა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ხოლო ლევან იოსელიანის განმარტებით, რეზოლუციაზე მისი ხმა “ტექნიკურად არ დაფიქსირდა”.

კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ მოიქცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელიც იოსელიანის მსგავსად.

ირაკლი კობახიძის თქმით,  იოსელიანის ხმა კენჭისყრის შედეგებში ასახული არ არის.

„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის მხრიდან ტყუილი მოვისმინეთ. მათ თქვეს, რომ თითქოს ჩვენ შეგვეძლო მხარი არ დაგვეჭირა ცვლილებისთვის და ცვლილების გამოკლებით დაგვეჭირა მხარი რეზოლუციისთვის, რაც ტყუილია. როცა საბოლოოდ გამოდის კენჭისყრაზე რეზოლუცია, მას კენჭი ეყრება ერთიანად, ყველა ცვლილების გათვალისწინებით.

სინამდვილეში, ბოლოს როცა გამოვიდა რეზოლუცია კენჭისყრაზე, მასში იყო უკვე ასახული ჩანაწერი ერთ-ერთი მთავარი კრიმინალის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ. ტყუილებით რამდენ ხანს ეცდებიან ფონს გასვლას, არ ვიცი, ვერც გადიან.

რაც შეეხება ლევან იოსელიანს, მან გადაწყვიტა ასეთი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა, მან თითი არ მიაჭირა ღილაკს, როცა კენჭი ეყრებოდა რეზოლუციას, და შემდეგ მიმართა PACE- ს ხელმძღვანელობას, რომ ის მხარს უჭერდა რეზოლუციას, ოღონდ იმ ცვლილების გარეშე. თუმცა, რეალურად თუ ჩახედავთ კენჭისყრის შედეგებს, ნახავთ, რომ იქ იოსელიანის გვარი არ არის ასახული“, – განაცხადა კობახიძემ.

“მოქალაქეების” წევრი და პარლამენტარი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, თუმცა არ დაუჭერია მხარი მისი მეოთხე შესწორებისთვის, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრადაა მოხსენიებული. საბოლოო ჯამში, იოსელიანი ირწმუნება, რომ “კენჭისყრის დღეს მისი ხმა “ტექნიკურად არ დაფიქსირდა” რეზოლუციაზე, რომლითაც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად გამოაცხადა. დეპუტატის თქმით,  ამის შესახებ PACE-ს მისწერა და მოითხოვა მისი ხმის დამატება. თუმცა ამ დროისთვის PACE-ს ვებგვერდზე არც მთლიანად რეზოლუციაზიაზეა იოსელიანის მხარდაჭერა და არც სააკაშვილთან დაკაშვირებულ შესწორებაზე მისი ნეგატიური დამოკიდებულება არ ფიქსრდება.


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის დღევანდელი რეჟიმი ტერორისტულად არის აღიარებული.

რეზოლუციას, სახელწოდებით „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, მხარი 99-მა წევრმა დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.

აღნიშნულ რეზოლუციას საქართველოს დელეგაციიდან მხარი მხოლოდ ენმ-ის წევრმა ხატია დეკანოიძემ დაუჭირა.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“,  რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, რადგან არ ეთანხმებიან ის არსებულ ჩანაწერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი