ახალი ამბები

„ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით, ჩვენი EU-ში გაერთიანებით“ — ზურაბიშვილი მოლდოვაში

17 ოქტომბერი, 2022 • 483
„ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით, ჩვენი EU-ში გაერთიანებით“ — ზურაბიშვილი მოლდოვაში

12-წლიანი პაუზის შემდეგ მოლდოვაში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი იმართება.

ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა და მაია სანდუმ კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის აგრესია და დააფიქსირეს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

„უკვე რვა წელია, უკრაინაში ომი მიმდინარეობს. ჩვენმა ქვეყნებმა პირველივე დღიდან დაგმეს უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებული თავდასხმა, რომლის შედეგადაც ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა, ათობით ქალაქი და სოფელი განადგურდა, მილიონობით ადამიანი ლტოლვილად იქცა. ჩვენ ვთავაზობთ მხარდაჭერას და თავშესაფარს იმ უკრაინელებს, რომლებიც ჩვენს ქვეყნებში გამოიქცნენ“, — განაცხადა მაია სანდუმ.

მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი უპირობო მხარდაჭერა კიდევ უფრო რელევანტურია საქართველოს და მოლდოვის მხრიდან, რადგან ორივე ამ ქვეყანას აქვს მოუგვარებელი კონფლიქტები.

„საერთაშორისო საზოგადობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შეაჩეროს რუსეთის აგრესია და დაეხმაროს უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. უკრაინაში მშვიდობის გარეშე ევროპაშიც ვერ იქნება მშვიდობა. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ აგრესიამ და შიშმა გაიმარჯვოს“, — განაცხადა მაია სანდუმ.

მოლდოვის პრეზიდენტმა ასევე გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისაუბრა ორხმრივი ურთიერთობების განვითარებაზე, გამოცდილების გაზიარებაზე პროპაგანდასთან ბრძოლის მიმართულებით და ორივე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.

„ჩვენი ვალია, შევძლოთ ჩვენი ხალხების ევროპული ოცნებების ასრულება“, — დასძინა მოლდოვის პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მოლდოვისთვის და საქართველოსთვის ახლა მთავარია ის, რაც ხდება უკრაინაში. მან დაგმო დღეს დილით კიევში, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული თავდასხმა.

„რუსეთის აგრესია ანაქრონიზმია დღევანდელ დღეს, ეს არის ჩარჩენა ომების და ტოტალიტარიზმის საუკუნეში. ომი უკრაინაში უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნებისთვის, ევროპისთვის და ალბათ, მსოფლიოსთვის, ამიტომ არ შეიძლება, გაიმარჯვოს აგრესიამ, უსამართლობამ, არაადამიანურობამ“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე საქართველოსთვის კიდევ უფრო მძაფრია გამოწვევა მას შემდეგ, რაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა.

„რუსეთმა დაარიგა რუსული პასპორტები ჩვენს ტერიტორიაზე და აწარმოებს მობილიზაციას, რომელიც ეხება ჩვენს მოქალაქეებს და ეს არის მათი უფლებების დარღვევა და ძალით ჩართვა იმ უსამართლო ომში, რომელიც მათი ომი არანაირად არ არის“, — თქვა მან.

რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მთავარი იარაღი, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტო სოლიდარობაა, რომელსაც საქართველო სრულად უერთდება.

უდიდეს გამოწვევასთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტის აზრით, უკრაინაში ომმა გარკვეული შესაძლებლობებიც გააჩინა ასოცირებული ქვეყნების ევროინტეგრაციის მიმართულებით და იმ თვალსაზრისით, რომ ევროპამ რუსეთი სხვა თვალით დაინახა.

„ევროპამ დღეს დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე. ჩვენ გავლილი გვაქვს სხვა პერიოდები, ომები, ოკუპაციები, როცა ჩვენი ევროპელი პარტნიორები რუსეთს სხვა თვალით უყურებდნენ და ამ ქმედებების მიუხედავად, მაინც ეგონათ, რომ რუსეთი შეიძლებოდა ყოფილიყო მათთვის სანდო პარტნიორი. უკრაინის ომმა ეს ხედვა შეცვალა და ყველამ დაინახა რუსეთის აგრესიის და იმპერიალური ხედვის რეალური სახე. დღეს ამ გამოწვევის გამო, უკრაინის და მისი ხალხის თავდადების და გაუტეხლობის მეშვეობით, ახალი შესაძლებლობების გზაც გაიხსნა. ევროპამ არამხოლოდ რუსეთი დაინახა სხვანაირად, სხვანაირად დაინახა ჩვენი ქვეყნებიც, რომლებც ასოცირების გზით მიისწრაფვოდნენ ევროკავშირისკენ და უკრაინის ომის შემდეგ ეს გზა ხსნილია“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით, რეკონსტრუქციით და ჩვენი და ევროკავშირის გაერთიანებით“, — დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი