ახალი ამბები

თანამშრომლობა ბავშვთა პირობების გასაუმჯობესებლად

11 მაისი, 2010 • • 1019
თანამშრომლობა ბავშვთა პირობების გასაუმჯობესებლად

დღეიდან სახალხო დამცველის ოფისი და ბავშვთა  საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები 18 წლამდე ასაკის მოზარდების პრობლემებზე  ერთად  იმუშავებენ. 

სახალხო დამცველის ოფისში ომბუდსმენის  აპარატთან არსებულმა ბავშვისა და ქალის უფლებების დაცვის ცენტრმა , 23 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად,  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.  

მემორანდუმის  მიზანია ბავშვთა საკითხების ირგვლივ მხარეთა შორის  თანამშრომლობა, ერთიანი  ძალისხმევით ბავშვთა უფლებების  დაცვის მხრივ გარემოს გაუმჯობესება. 

მემორანდუმის  გაფორმების შემდეგ დისკუსია გაიმართა. მონაწილეებმა ყურადღება  გაამახვილეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. 

მაია  ასაკაშვილმა, „სმენისა და მეტყველების  დარღვევის მქონე ბავშვთა  ასოციაციის“ თავმჯდომარემ, თქვა, რომ „ბავშვთა თავშესაფრებში ცხოვრობენ 18 წელს გადაცილებული მოქალაქეები, რომელთაც წასასვლელი არსად აქვთ. ეს მათი უფლებების დარღვევაა“. 

სრულწლოვანების  ასაკს გადაცილებულ მოქალაქეებს, რომლებიც კვლავ ბავშვთა  თავშესაფრებში ცხოვრობენ  „გადაზრდილ ბავშვებს“ უწოდებენ. წესისამებრ, მათ დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება უნდა ჰქონდეთ. 

„გადაზრდილი ბავშვების“ საკითხებით ახალგაზრდული ასოციაცია „ახალგაზრდა  პარტნიორები“ არის დაკავებული. ასოციაციის თავმჯდომარემ  თეონა მამუკიშვილმა ნეტგაზეთთან  საუბარში განაცხადა, რომ  ისინი, ძირითადად, 15-18 წლის ასაკის მოზარდებთან მუშაობენ.  

„ეს არის მოსამზადებელი პერიოდი  დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ მათ სწავლის, საცხოვრებელი და საარსებო სახსრების მოძიებაში“,- განაცხადა  თეონა მამუკიშვილმა.  

ჯანა ჯავახიშვილი, ფონდის “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი” წარმომადგენელმა, ისაუბრა იმაზე, რომ ბავშვთა უფლებების დაცვაზე ზრუნვა საჭიროა არა მარტო ბავშვთა დაწესებულებეში (რაც უაღრესად მნიშვნელოვანია), არამედ საჯარო სკოლებშიც, სადაც სამწუხაროდ არც თუ ისე იშვიათია ბავშვთა უფლებების შელახვა, განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ უპირველეს უფლებას, როგორიც არის ღირსება.

„სასურველია, საჯარო სკოლებში შეიქმნას ბავშვთა უფლებების დაცვის ზედამხედველობის მექანიზმი, რომელშიც თავად მოსწავლეები იქნებიან ჩართულნი“,-განაცხადა ჯანა ჯავახიშვილმა. 

დისკუსიის წევრებმა აღნიშნეს ბავშვთა, განსაკუთრებით, მზრუნველობამოკლებულთა და შეზღუდული შესძლებლობების მქონე  უფლებების  დარღვევა ჟურნალისტების  მხრიდან. მონაწილეებმა მედიის წარმოამდგენელთათვის ტრენინგის  ჩატარების სურვილი გამოთქვეს.  

სახალხო დამცველთან არსებული ბავშვისა და ქალის უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა  ანა არგანაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი ტრენინგები უშედეგოდ დასრულდა.  

შეხვედრას ბავშვის უფლებების ექსპერტი, კატალონიის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენი ხავიერ ბონალიც ესწრებოდა.  

სახალხო დამცველის ოფისის წამომადგენლების  განცხადებით, მემორანდუმი  ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ღიაა. არ გამორიცხავენ, რომ მათ ბავშვთა უფლებების  დამცველი სხვა ორგანიზაციებიც შეუერთდნენ. 

სამომავლოდ მემორანდუმის ხელმომწერი ორგანიზაციები კონსულტაციებისა და დისკუსიების მოწყობის გზით ინფორმაციისა და შეხედულებათა გაზიარებას აპირებენ. 

ასევე, 23 ორგანიზაცია ბავშვთა  უფლებების მდგომარეობის შესახებ კოალიციურ ანგარიშზე  ერთად იმუშავებს. აღნიშნული  ანგარიში ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ევროგაერთიანების უნივერსალური პერიოდული ანგარიშის ფარგლებში მუშავდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი