ახალი ამბები

ბირთვულ თავდასხმაზე კომენტარისთვის მაკრონს აკრიტიკებენ

14 ოქტომბერი, 2022 • 994
ბირთვულ თავდასხმაზე კომენტარისთვის მაკრონს აკრიტიკებენ

ემანუელ მაკრონი France 2-თან გაკეთებული კომენტარის გამო, რომ საფრანგეთი არ გამოიყენებს ბირთვულ შეიარაღებას იმ შემთხვევაში, თუ ამგვარ იარაღს რუსეთი „უკრაინაში ან რეგიონში“ ისვრის, კრიტიკის ობიექტი გახდა.

„ჩვენი [ბირთვული] დოქტრინა ეფუძნება ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტურ ეროვნულ ინტერესებს. ეს ინტერესები მკაფიოდაა განსაზღვრული და, მაგალითად, უკრაინაში ან რეგიონში ბალისტიკური ბირთვული შეტევა ამ ინტერესებზე გავლენას ვერ მოახდენს“, – განაცხადა მაკრონმა.

ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებით, „ბირთვული შეკავების მთელი ლოგიკა ის არის, რომ წინასწარ არ ისაუბრო იმაზე, თუ რას გააკეთებ [ბირთვული შეტევის შემთხვევაში]“.

კვლევითი ორგანიზაცია „სტრატეგიული კვლევების ფონდის დირექტორის“ ბრუნო ტერტეს განცხადებით, მაკრონს უნდა ეპასუხა, რომ „ამგვარ თამაშში ჩართვა არ სურდა და პუტინი აქედან დამარცხებული გამოვიდოდა“.

„როცა გავიგე, რასაც ლაპარაკობდა, კინაღამ სკამიდან გადმოვვარდი“, – განაცხადა კონსერვატორმა დეპუტატმა, ჟან-ლუი ტიერიომ.

„ეს პოლიტიკური შეცდომაა. ბირთვული შეკავების ერთ-ერთი პრინციპი არის ის, რომ გაურკვევლად დარჩეს, თუ რა არის „ეროვნული ინტერესი“.

უკრაინაში ომი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს დაემთხვა.

ამ პერიოდში მაკრონი ცდილობდა თავი უკრაინის მეგობრად წარმოეჩინა. იგი სოციალურ ქსელებში ხშირად ავრცელებდა ინფორმაციასა და ფოტოებს, თუ როგორ ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

არჩევნების მეორე ტურისთვის, სწორედ უკრაინის ომის გავლენით, მაკრონმა იმიჯიც შეიცვალა და სამუშაო სივრცეში საფრანგეთის არმიის ჰუდით ჩნდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი