ახალი ამბები

„მეგონა მომკლავდნენ“ — უკრაინელი ქალები იხსენებენ სექსუალური ძალადობის ისტორიებს

14 ოქტომბერი, 2022 • 2732
„მეგონა მომკლავდნენ“ — უკრაინელი ქალები იხსენებენ სექსუალური ძალადობის ისტორიებს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსი სამხედროები უკრაინულ ქალაქებში სექსუალურად ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე. უკრაინის ოფიციალური უწყებები, ასევე, საუბრობენ იმ შემთხვევებზეც, როდესაც ძალადობის მსხვერპლი ბავშვებიც გახდნენ.

ომის გამო მოქალაქეებს, ძირითადად, ქალებს წაერთვათ დანაშაულის გამოძიებისა და დამნაშავის დასჯის შესაძლებლობა. ამ და სხვა მიზეზების გამო გაერომ უკრაინელი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ სექსუალურ ძალადობას „ყველაზე დამალული დანაშაული“ უწოდა.

სხვა ოლქების მსგავსად, გაუპატიურების შემთხვევები დაფიქსირდა ხარკოვშიც. ორივე ქალი სწორედ ამ ოლქიდანაა, რომლების შესახებ უკრაინული მედიასაშუალება hromadske.ua წერს.

„იმ ღამეს მეგონა, მომკლავდნენ“

72 წლის ელენა (სახელი შეცვლილია) ხარკოვის ოლქში ცხოვრობს. hromadske-თან საუბრისას იხსენებს, რომ ოლქის ოკუპაციის შემდეგ რუსი სამხედროები სამი დღე დადიოდნენ, ძარცვავდნენ და ეძებდნენ ქალებს იმ ქუჩაზე, სადაც ელენე ცხოვრობს. ერთ დღეს, გვიან ღამით, მის სახლში სამხედრო შეიჭრა, უთხრა, რომ ქუჩაში კიდევ რამდენიმე ჯარისკაცია.

„ექვსი კაცი. ვიფიქრე, რომ მათ დაუძახებდა და მომკლავდნენ“, – ამბობს ქალი.

სამხედროს აინტერესებდა, სად ცხოვრობდნენ ახალგაზრდა ქალები. მას შემდეგ კი, რაც ელენას პასუხმა არ დააკმაყოფილა, ქალზე ძალადობა დაიწყო – ურტყამდა, წააქცია, ზედ დააწვა და გაუპატიურება სცადა.

„[იმ მომენტში] მინდოდა მეკითხა: შენს დედასაც იმავეს უზამდი-მეთქი? მაგრამ არაფერი ვთქვი“, – იხსენებს ელენა.

სამხედროს უნდოდა, ელენასთვის ორალური სექსი ეიძულებინა. დროის მოგების მიზნით, ქალმა უთხრა, რომ მას სწყურია. საბოლოოდ, სამხედროს სხვებმა დაუძახეს ქუჩიდან. გასვლისას დაემუქრა ელენას, რომ ზღურბლზე ყუმბარას დაუტოვებდა.

რუსმა სამხედროებმა მას მოჰპარეს ტელეფონი, ყურსასმენები, ფანარი და სათვალე. ელენას დიდხანს ეშინოდა სახლის დატოვება, თუმცა 03:20 საათზე ფანჯრიდან გადაძვრა, დილას კი დანაშაულის შესახებ შეატყობინა რუსულ კომენდანტს.

„სამი თვის განმავლობაში მაკანკალებდა. შვილი მეუბნებოდა, ეს ყველაფერი როგორ გადაიტანეო. არ გადამიტანია.. სულზე მაქვს“, — იხსენებს ქალი.

„გაუპატიურების შემდეგ მითხრა, რომ იმ გოგოს ვაგონებდი, ვისაც სკოლაში ხვდებოდა“

ოლჰა 31 წლისაა. იგი რუსმა სამხედრომ ხარკოვის ოლქში, სოფელ მალაია როჰანში გააუპატიურა. ძალადობის ისტორია და დაზიანებების ფოტოები ქალმა შემდგომ გაუზიარა ორგანიზაცია Human Rights Watch-ს.

სოფელი ერთ-ერთია სხვა მრავალს შორის, რომელიც ოკუპაციის შედეგად განსაკუთრებით დაზიანდა.

25 თებერვალს, მაშინ, როდესაც სამხედროები მალაი როჰანში შევიდნენ, ოლჰა 40 თანასოფლელთან, ძირითადად, ქალებთან და გოგოებთან, თავს აფარებდა სკოლის სარდაფში. იქვე იყო მისი 5 წლის ქალიშვილი, მისი 24 წლის ძმა და 13 წლის და.

13 მარტს სამხედროები შეიჭრნენ სკოლაში, „დაამტვრიეს ფანჯარა და არახუნებდნენ სკოლის კარზე. დაცვამ კარი გაუღო“.

ერთ-ერთი შეიარაღებული სამხედრო სარდაფში ჩავიდა და ყველას უბრძანა, მწკრივში დამდგარიყვნენ. ქალს ამ დროისთვის ხელში მძინარე შვილი ეკავა. სამხედრომ უთხრა, ბავშვი მისთვის მიეცა, რაზეც უარი მიიღო. შემდეგ ყველას უთხრა, მუხლებზე დამდგარიყვნენ, თორემ დახვრეტდა. სამხედრომ ოლგას ძმა თან წაიყვანა საჭმლის საშოვნელად.

სამხედრო 2-3 საათში დაბრუნდა და იატაკზე დაჯდა.

„ხალხი სთხოვდა მას, საპირფარეშოში გაეშვა. 2-3 ადამიანს ჯგუფ-ჯგუფად უშვებდა“, – იხსენებს ქალი. ღამისკენ კი, როდესაც ყველა დასაძინებლად წავიდა, ოლჰასთან მივიდა და უთხრა, რომ მას წაჰყოლოდა.

რუსმა სამხედრომ მეორე სართულზე აიყვანა, ერთ-ერთ საკლასო ოთახში, სადაც იარაღი მიადო და უბრძანა, ტანსაცმელი გაეხადა.

„მითხრა, რომ მასთან ორალური სექსით დავკავებულიყავი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საფეთქელთან იარაღი ჰქონდა მოდებული. ორჯერ ჭერში ისროლა, მითხრა, რომ ეს ჩემი „მოტივირებისთვის“ გააკეთა“, — იხსენებს ქალი.

გაუპატიურების შემდეგ ოლჰა კაცმა სკამზე დასვა. გარეთ ციოდა, შესაბამისად, ქალმა სთხოვა, რომ საშუალება მიეცა ზემოდან რამე მოეცვა, რაზეც სამხედრომ მხოლოდ ზედას ჩაცმის უფლება მისცა:

„სანამ ვიცვამდი, მითხრა, რომ რუსია, მითხრა სახელი და რომ 20 წლის იყო, ასევე ისიც, რომ მე ვახსენებდი იმ გოგოს, რომელსაც სკოლაში ხვდებოდა“.

მთელი ღამის განმავლობაში სამხედრო ძალადობდა ოლჰაზე — აუპატიურებდა მას, ურტყამდა იქვე მუშტებს და წიგნებს, რომლებიც საკლასო ოთახში იყო მიმობნეული.

დაახლოებით 07:00 საათისთვის კაცმა უთხრა, რომ სიგარეტი მოეძებნა. ოლჰამ სიგარეტი დაცვას გამოართვა. სამხედრომ სკოლა დატოვა.

მომხდარის შემდეგ ოლჰა ოჯახთან ერთად ქალაქ ხარკოვში წავიდა, სადაც სამედიცინო დახმარება ჩაუტარეს. შემდეგ კი თავშესაფარში გადაიყვანეს.

„გამიმართლა, რომ ცოცხალი ვარ“, — ამბობს ის.

ამჟამად საქმე გადაცემულია უკრაინის პროკურატურაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი