ახალი ამბები

მერია განმარტავს რატომ წაშალა ვაკის პარკის შადრევნის გახსნის ცნობა

13 ოქტომბერი, 2022 • 1495
მერია განმარტავს რატომ წაშალა ვაკის პარკის შადრევნის გახსნის ცნობა

თბილისის მერია ადასტურებს, რომ ფეისბუკის ოფიციალური ანგარიშიდან და ვებგვერდიდან წაშალა ცნობა ვაკის პარკში შადრევნის რეაბილიტაციის დასრულების შესახებ.

„ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია გუშინდელი ფოტომასალის და ინფორმაციის აღება, რაც არის ერთგვარი პოზიცია ამ შემზარავი ფაქტის მიმართ. მთელი გულით ვუცხადებთ სამძიმარს გარდაცვლილის ოჯახს!“, – უთხრა მერიამ ნეტგაზეთს წერილობით პასუხში.


დღეს, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შესასვლელის სიახლოვეს, შადრევანში ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც 13 წლის მოზარდი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ერთი მათგანი ხეჩინაშვილის კლინიკაში, მეორე კი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იაშვილის კლინიკის ინფორმაციით, მათთან მყოფი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, სიცოცხლესთან შეუსაბამო ტრავმები არ აქვს და კონტაქტურია.

თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, რის შემდეგაც ორი მათგანი ბურთის ამოსაღებად წყალში ჩავიდა, ხოლო როდესაც მათ დენმა დაარტყა, დასახმარებლად ჩავიდა მესამე არასრულწლოვანიც, რომელსაც ასევე დაარტყა დენმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი