ახალი ამბები

25 ორგანიზაცია და შშმ აქტივისტები სახალხო დამცველის პოზიციაზე ანა აბაშიძეს უჭერს მხარს

13 ოქტომბერი, 2022 • 1033
25 ორგანიზაცია და შშმ აქტივისტები სახალხო დამცველის პოზიციაზე ანა აბაშიძეს უჭერს მხარს

ადამიანის უფლებათა დაცვის 25 ორგანიზაცია და ათობით შშმ აქტივისტი მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას, სახალხო დამცველის პოზიციაზე დაინიშნოს  „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] ერთ-ერთი ხელმძღვანელი  – ანა აბაშიძე.

ნეტგაზეთი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო წილოსანს, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ რატი იონათამიშვილს, საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“, პოლიტიკურ ჯგუფებს: გირჩი, მოქალაქეები, ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის, რეფორმების ჯგუფი, ევროპელი სოციალისტები; საქართველოს პარლამენტის წევრებს:

  1. ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შშმ პირთა მშობლები და მათ საკითხებზე მომუშავე ადამიანები და ორგანიზაციები, ვაცნობიერებთ რა საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული იმიჯისა და ევროკავშირთან დაახლოების საქმეში; გამოვხატავთ რა მადლიერებას მოქმედი სახალხო დამცველისადმი, ქალბატონი ნინო ლომჯარიასადმი, შშმ პირთა უფლებების ადვოკატირებისათვის; შევნიშნავთ რა იმ პროგრესს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით, რომელიც სახალხო დამცველის მუშაობის შედეგიცაა; ვგრძნობთ რა ჩვენი ქვეყნის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრ სახელმწიფოდ არჩევასთან დაკავშირებით მომატებულ პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი გარანტიები; ვაფასებთ რა, რომ 2022 წელს სახალხო დამცველობის მრავალფეროვან კანდიდატთა შორის, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, არის ექსპერტი, რომელსაც სახალხო დამცველობის დანარჩენ კანდიდატთა თანაბრად არსებულ ყველა კვალიფიკაციასა და გამოცდილებასთან ერთად აქვს კონკრეტულად შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით აკადემიური განათლება და პროფესიული გამოცდილება, როგორც საზოგადოების თანაბარი წევრები, ვსარგებლობთ რა ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პირველი, მე-12, მე-8 და მე-10 წინაპირობებით გათვალისწინებული პოლიტიკური დეპოლარიზაციის, სახალხო დამცველად გამჭვირვალე პროცესის შედეგად დამოუკიდებელი პირის შერჩევის, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვისა და ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის რეკომენდაციებით,, ვერთვებით სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში და მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე მხარი დაუჭიროთ ანა აბაშიძეს.
  2. ჩვენი შეფასებით, ანა აბაშიძეს აქვს საქართველოს მომავალი სახალხო დამცველისთვის საჭირო ყველა აკადემიური, პროფესიული და პიროვნული თვისება, ღირებულება და ფასეულობა; თავის საქმიანობაში, შშმ პირთა, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისას, ის გამოირჩეოდა პარტიული მიუკერძოებლობით, დაბალანსებულობით, კეთილსინდისიერებითა და გულისხმიერებით, ორიენტირებული იყო თანასწორობაზე; ის უამრავი შშმ პირის ინტერესებს წარმოადგენს სასამართლოსა და სხვა ორგანოში, როდესაც მათ არ აქვთ წვდომა საჭირო სერვისებზე, დამხმარე საშუალებებზე, გარემოზე, განიცდიან დისკრიმინაციასა თუ ძალადობას დახურულ ინსტიტუციებში.
  3.  ჩვენი დაკვირვებით, უამრავი პოლიტიკოსი აფასებს შშმ პირთა უფლებებს, როგორც ზეპარტიულ საკითხს, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანი და ღირებულია ყველასთვის პარტიული კუთვნილების მიუხედავად, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ შშმ პირთა უფლებების გარშემო გაერთიანებითა და სახალხო დამცველის არჩევით გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯი პოლიტიკური დეპოლარიზაციისკენ.
  4.  განცხადების დასასრულს მოგმართავთ შეხვედრისა და კონსულტაციის თხოვნით, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა, ჩვენი პოზიცია სახალხო დამცველის ღირსეული კანდიდატურის შესახებ უფრო დეტალურად წარმოგიდგინოთ“.განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:
    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი;
    კავშირი ქალი და რეალობა;
    საქართველოს ყრუთა კავშირი;
    შშმ ქალთა ორგანიზაცია პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის;
    ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ;
    ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში, თბილისი;
    მშობელთა საინფორმაციო ცენტრი;
    თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის;
    კავშირი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება;
    საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია;
    ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი;
    ააიპ მშობელთა ხიდი;
    თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრი_EPC;
    ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი;
    დიდი ოჯახი;
    აიპ ,,ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის;
    ააიპ ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი;
    აჭარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების კავშირი;
    საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი;
    ააიპ სენტირე;
    ააიპ ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი ილაპარაკე;
    ააიპ მზის შვილები;
    პარტნიორობა თანასწორობისთვის;
    სმენადი;
    მარიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი