ახალი ამბები

საქართველოს არანაირი შემხებლობა არ აქვს – დარახველიძე ყირიმის ხიდის აფეთქებაზე

12 ოქტომბერი, 2022 • 731
საქართველოს არანაირი შემხებლობა არ აქვს – დარახველიძე ყირიმის ხიდის აფეთქებაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახვველიძის თქმით, საქართველოს არანაირი კავშირი არ აქვს ყირიმის ხიდის აფეთქებასთან.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. როგორც ტრანზიტული, ასევე არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონნტროლს და მსგავსი საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა“ ,- ამბობს დარახველიძე.

მანამდე მომხდართან კავშირი ასევე უარყო ფინანსთა მინისტრის მოადგილემ – გიორგი კაკაურიძემ. მან განაცხადა, რომ რომ საქართველოს საბაჟო საზღვარი არ გაუვლია არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ სატვირთოს.


კრემლისტური მედიის ცნობით, ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე ФСБ-მ 8 ადამიანი დააკავა – რუსეთის 5 მოქალაქე, უკრაინისა და სომხეთის — 3, „ტერაქტის“ ორგანიზატორად კი უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილო ბუდანოვი დაასახელა.

რუსეთის სპეცსამსახურების ვერსიით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი ოდესის პორტიდან ჯერ ბულგარეთში გადაიტანეს, იქიდან საქართველოში, ფოთის პორტში, საიდანაც სომხეთში მოხვდა. გადატანის პროცესში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები – მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკო, საქართველოს მოქალაქეები – სანდრო ინასარიძე, ბროკერი მეტსახელად „ლევანი“ და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი.

ეფესბეს რელიზში ნათქვამია, რომ 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ერევნის ტერმინალ „ტრანსალიანსში“ ტვირთი განაბაჟეს და დოკუმენტები შეცვალეს. გამგზავნად მიუთითეს შპს „გუ-არ-ჯი გრუპი“ (სომხეთი, ქ. ალავერდი), ხოლო მიმღებად – შპს „ლიდერი“ (მოსკოვი).

კრემლისტური მედია წერს, რომ 8 ოქტომბერს, დილით, ყირიმის ხიდზე აფეთქდა სატვირთო ავტომანქანა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა მიმავალ მატარებელში საწვავით სავსე შვიდ ცისტერნას. ნაწილობრივ ჩამოიშალა ორი საავტომობილო მონაკვეთი, დაიღუპა ოთხი ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი