უკრაინაში რუსული არმიის შეუქცევადი ზარალი შეიძლება 90 000-ზე მეტი ადამიანი იყოს, — ამის შესახებ „Важные истории“ წერს ორ წყაროზე დაყრდნობით, რომელთაგან ერთი, გამოცემის ცნობით, რუსული სპეცსამსახურების ყოფილი ოფიცერია, მეორე კი — ФСБ-ის მოქმედი ოფიცერი.
შეუქცევადი ზარალი მოიცავს:
- დაღუპულებს,
- უგზო-უკვლოდ დაკარგულებს,
- საავადმყოფოებში ჭრილობების შედეგად გარდაცვლილებს,
- დაჭრილებს, რომლებიც სამხედრო სამსახურში ვერ დაბრუნდებიან.
„ჩვენი თანამოსაუბრეების მიერ გახმიანებული რიცხვი ახლოსაა იმ მონაცემებთან, რომელიც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა სექტემბრის დასაწყისში გამოაცხადა. ბენ უოლასის თქმით, უკრაინაში 25 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსული არმიის დანაკარგების საერთო რაოდენობა 80 000 მეტ ადამიანით შეაფასა“, — წერს გამოცემა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს განაცხადა სექტემბერში. თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მაშინ თქვა, რომ უკრაინაში 5 937 რუსი სამხედრო დაიღუპა.
„მნიშვნელოვანი ისტორიების“ წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია ახლოსაა აშშ-ის მონაცემებთან. აგვისტოში პენტაგონმა განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან 70 000-დან 80 000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა.
„Важные истории“, როგორც კრემლის ოპონენტი ბევრი სხვა ორგანიზაცია და ადამიანი, რუსეთში უცხოურ აგენტად არის გამოცხადებული და არასასურველი ორგანიზაციების რეესტრშია შეყვანილი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგი დაახლოებით 63 380 ადამიანს შეადგენს, თუმცა ეს რიცხვი მხოლოდ გარდაცვლილებს მოიცავს და არა დაჭრილებს. რუსეთის თავდაცვა არ აქვეყნებს სტატისტიკას უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ.
https://batumelebi.netgazeti.ge/news/441540/