ახალი ამბები

პოლიტიკურად უინტერესო პიროვნებაა, შურისძიებაზე საუბარი უხერხულია – იონათამიშვილი ხარჩილავაზე

12 ოქტომბერი, 2022 • 1102
პოლიტიკურად უინტერესო პიროვნებაა, შურისძიებაზე საუბარი უხერხულია – იონათამიშვილი ხარჩილავაზე

„ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა „პოლიტიკურად უინტერესო“ პიროვნებაა და ამიტომ მასთან დაკავშირებით შურისძიებაზე საუბარი უხერხულია.

ასე გამოეხმუარა მედიასთან იონათამიშვილი წალენჯიხის ოპოზიციონერი მერის, გია ხარჩილავას მანქანის დაწვას.

იონათამიშვილის თქმით, სპეკულაციაა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები, რომ ხარჩილავას მანქანის დაწვა მის საქმიანობას უკავშირდება.

„თუ ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, რასაკვირველია, არის ეს პიროვნება [გია ხარჩილავა]. ამიტომ ნებისმიერი სახის პოლიტიკური ინტერესსა და შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია[…]

რაც შეეხება თვითონ ფაქტს, ცხადია, ამას დაადგენს შესაბამისი უწყებები და ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულირება, თან იმ პოლიტიკური პარტიის მხრიდან, რომელიც სპეკულირებით არის სახელგანთქმული, ცხადია, არავის არ გვიკვირს. მაგრამ ასე გააგრძელონ, სპეკულაციებით სადამდე მივიდნენ და სადამდე მიიყვანეს საკუთარი თავი და პარტია, ამას ჩვენი საზოგადოება და მათი ამომრჩეველი ძალიან კარგად ხედავს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.


წალენჯიხის ოპოზიციონერი მერის, გია ხარჩილავასა და მისი გუნდის ინფორმაციით, გვიან ღამით, საცხოვრებელ სახლთან ხარჩილავას მანქანა დაწვეს.

თავად ხარჩილავა აცხადებს, რომ მისი მანქანის დაწვა შესაძლოა პოლიტიკური გზავნილი იყოს.

როგორც ხარჩილავა ამბობს, დამწვარ მანქანასთან მისხმული იყო სითხე, რაც ამყარებს ეჭვს, რომ განზრახ დაწვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი