ახალი ამბები

ეს არის გია ხარჩილავას დაშინების მცდელობა – წითლიძე მანქანის დაწვაზე

12 ოქტომბერი, 2022 • 427
ეს არის გია ხარჩილავას დაშინების მცდელობა – წითლიძე მანქანის დაწვაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე აცხადებს, რომ წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანის დაწვა არის მისი დაშინების მცდელობა.

მისი თქმით, მანქანის დაწვამდე ხარჩილავა აპირებდა „ქართული ოცნების“ კორუფციული გარიგებების მხილებასა და პროკურატურისთვის ამის დამადასტურებელი მასალების გადაცემას.

„საინტერესოა და ყველაზე საეჭვოა ის ფაქტი, რომ ამ ავტომობილის დაწვა დაემთხვა იმ ფაქტს, როდესაც მერს უკვე დაგეგმილი ჰქონდა ბრიფინგები კონკრეტული ფაქტებით, პროკურატურისთვის გადასაცემად მზად ჰქონდა მასალები, რომელიც უკავშირდებოდა „ქართული ოცნების“ კორუფციულ გარიგებებს წალენჯიხაში და მილიონობით გაფლანგულ ლარებს.

ეს გარემოება საეჭვოს ხდის და პირდაპირ ვაკავშირებთ, რომ ეს არის გია ხარჩილავას დაშინების მცდელობა“, – განაცხადა ანი წითლიძემ.


წალენჯიხის ოპოზიციონერი მერის, გია ხარჩილავასა და მისი გუნდის ინფორმაციით, გვიან ღამით, საცხოვრებელ სახლთან ხარჩილავას მანქანა დაწვეს.

თავად ხარჩილავა აცხადებს, რომ მისი მანქანის დაწვა შესაძლოა, პოლიტიკური გზავნილი იყოს.

როგორც ხარჩილავა ამბობს, დამწვარ მანქანასთან მისხმული იყო სითხე, რაც ამყარებს ეჭვს, რომ განზრახ დაწვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი