ახალი ამბები

საქართველომ და რუმინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაცია გააფორმეს

11 ოქტომბერი, 2022 • 920
საქართველომ და რუმინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაცია გააფორმეს

საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას საქართველოს და რუმინეთს შორის სტარატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების შესახებ.

დეკლარაციას ხელი მოეწერა ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში, სადაც სალომე ზურაბიშვილისა და კლაუს იოჰანისის შეხვედრა გაიმართა. რუმინეთის პრეზიდენტმა ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერას ისტორიული მომენტი უწოდა.

„დეკლარაციის ხელმოწერით ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ რუმინეთსა და საქართველოს შორის, როგორც ეს შევათანახმეთ 2019 წელს ნიუ იორკში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში გავაუმჯობესებთ ურთიერთობებს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ადამიანებს შორის ურთიერთობების კუთხით, უსაფართხოების სფეროში. რუმინეთი რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერი“, — განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუმინეთი უკვე მუშაობს საქართველოსთან ერთად სტრატეგიული, მსხვილმასშტაბიანი პროექტების მიმართულებით.

„ჩვენთვის პრიორიტეტია ელექტროკაბელის მშენებლობა, რომელიც იქნება რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და იქნება ელექტროენერგიის მწვანე კორიდორი, რომელიც კასპიის და შავ ზღვას დააკავშირებს. რა თქმა უნდა, ეს იქნება დაკავშირებული ევროკავშირის რეგიონთან და ჩვენთვის მნიშვნელოვანია აგრეთვე განვითარება სხვადასხვა მიმართულების – ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი რუმინეთ-საქართველოს შორის, ასევე, ციფრული ურთიერთობები ევროკავშირ-საქართველოსა და ზოგადად ცენტრალურ აზიას შორის. გარდა ამისა, საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ ტრანსპორტის კორიდორზე. ასევე, ვსაუბრობთ რეგულარულ საზღვაო მიმოსვლაზე, რომელიც დააკავშირებს რუმინეთსა და საქართველოს. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ვაჭრობის ხელშესაწყობად და ზოგადად კავშირის გასაუმჯობესებლად ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა კლაუს იოჰანისმა.

რუმინეთის პრეზიდენტმა ისაუბრა ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„რუმინეთმაც გრძელი გზა გაიარა, სანამ ევროკავშირის წევრი გახდებოდა. საქართველოსთან დაკავშირებით შეიქმნა 12 რეკომენდაცია, რომლებიც არის სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებული. უმნიშვნელოვანესი საკითხი ახლა გახლავთ, რომ საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა მიიღოს ეს რეკომენდაციები, სერიოზულად იმუშაოს იმაზე, რომ განხორციელდეს ცვლილებები, რომლებიც მოთხოვნილია. ჩვენთვის, რუმინეთში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველ შემთხვევაში, რომ ეს საკითხები იყოს დანახული, როგორც ეროვნული ინტერესის საკითხები და როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ ერთობლივად იმუშაონ ამ საკითხებზე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კლაუს იოჰანისმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, დასძინა, რომ 12 რეკომენდაცია არის სამოქმედო გეგმა და დანარჩენი დამოკიდებულია საქართველოზე.

„არ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მეორეს გადააბრალებს უშედეგობას ამ საკითხში. ეს არის ყველაზე მცდარი წარმოდგენა, რომ რომელიმე მხარე გამოვიდეს გამარჯვებული მეორეზე გადაბრალებით. ალბათ, დროა, ყველამ შეიგნოს, რომ ეს არის ეროვნული ინტერესი“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რუმინეთში, ასევე, დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ნიკოლაე ჩუკასთან, რუმინეთის სენატის და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეებთან.

12 ოქტომბერს კი პრეზიდენტი კონსტანცაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, პორტს ეწვევა და საზღვაო პორტის ადმინისტრაციას ესტუმრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი