ახალი ამბები

ფემიციდი იმსახურებს პარლამენტის ყურადღებას – პაპუაშვილი

10 ოქტომბერი, 2022 • 1150
ფემიციდი იმსახურებს პარლამენტის ყურადღებას – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა ბოლო დღეებში ქვეყანაში მომხდარ ფემიციდის შემთხვევებს და აღნიშნა, რომ ეს საკითხი პარლამენტის ყურადღებას იმსახურებს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ფემიციდის შემთხვევების კუთხით სტატისტიკა გაუმჯობესდა, ყოველი შემთხვევა  შემზარავია და არსებული კანონმდებლობა აღსრულების კუთხით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

„მე მინდა გამოვეხმაურო ქალთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა ჩვენ ვნახეთ. რამდენიმე შემზარავი ფაქტი იყო, რაც, რა თქმა უნდა, იმსახურებს პარლამენტის ყურადღებას. ეს განსაკუთრებით შეეხება კანონმდებლობის აღსრულების საკითხებს.

წლების განმავლობაში საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებით, მათ შორის აღსრულების კუთხითაც, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ის, რომ ფემიციდის შემთხვევები, თუკი შევადარებთ 2005 წელს, სამჯერ ნაკლებია,  2012 წელთან შედარებით ორჯერ ნაკლებია, 2016 წელთან შედარებითაც არის კლება.

თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველი ეს ფაქტი არის შემზარავი. სხვა ქვეყნებთან შედარების ჭრილშიც გაუმჯობესება გვაქვს. ევროკავშირს წევრს და კანდიდატ ქვეყნებს თუ შევადარებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენთან დაახლოებით საშუალოა ეს მდგომარეობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობის დახვეწის პროცესში  სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიზიარონ, რათა საქართველოშიც ფემიციდის კუთხით მდგომარეობა გამოსწორდეს.

„პარლამენტში ფემიციდთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი არის, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს და ამიტომ ჩვენ, ალბათ, კიდევ ერთხელ უნდა შევხედოთ ყურადღებით, საკანონმდებლო კუთხით რისი დახვეწა  შეიძლება.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კანონმდებლობის აღსრულება და ზოგადად, ცნობიერების ამაღლება. თითოეული ასეთი მსხვერპლი ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ბრძოლა, განსაკუთრებით ეს შეეხება ქალთა მიმართ ძალადობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


ბოლო სამ დღეში საქართველოში ფემიციდის სამი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ქალთა მოძრაობა“ ითხოვს, რომ საქართველოში საკანონმდებლო დონეზე განიმარტოს „ფემიციდის“ ცნება. ფემიციდი ისეთ მკვლელობას აღწერს, რომლის მსხვერპლიც ქალია და „რომელიც ხდება ქალის გენდერთან დაკავირებული მიზეზით,“.

ამასთან, საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლითაც გამკაცრდა მკვლელობის ორი მუხლი- განზრახ მკვლელობისთვის (სსკ 108-ე მუხლი) სასჯელი არსებული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, გაიზრდება 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ასევე ცვლილებებით, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის (სსკ 109-ე მუხლი), ეს მუხლი ერთნაწილიანი გახდა და მძიმე გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი