ახალი ამბები

კაბელების დაზიანების შედეგად გერმანიაში რკინიგზა თითქმის 3 საათით შეფერხდა – რას უკავშირებენ მომხდარს

9 ოქტომბერი, 2022 • 630
კაბელების დაზიანების შედეგად გერმანიაში რკინიგზა თითქმის 3 საათით შეფერხდა – რას უკავშირებენ მომხდარს

ჩრდილოეთ გერმანიაში სარკინიგზო ქსელის კაბელები ორ ადგილას გაჭრეს, რის შედეგადაც სარკინიგზო მიმოსვლა თითქმის სამი საათის განმავლობაში იყო შეფერხებული. შემთხვევას, რომელიც გუშინ, 8 ოქტომბერს დილას მოხდა, გერმანიის ხელისუფლებამ დივერსიული აქტი უწოდა, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი, ვინ შეიძლება იდგეს მის უკან. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

დღეს, 9 ოქტომბერს გერმანიის პოლიციამ განაცხადა, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და არ გამორიცხავენ, მომხდარს პოლიტიკური მოტივი ჰქონდეს, თუმცა მათივე თქმით, არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მის უკან სხვა ქვეყანა იდგეს.

“აშკარაა, რომ ეს მიზანმიმართული და მავნე ქმედება იყო”, – თქვა ტრანსპორტის მინისტრმა, ფოლკე ვისინგმა გუშინ, 8 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

Reuters-ის ინფორმაციით, ეს სახელმწიფო სარკინიგზო ოპერატორის Deutsche Bahn-ის საკომუნიკაციო სისტემაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია.

აღნიშნული ფაქტს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მას შემდეგ, რაც გასულ თვეში “ნორდსტრიმის” გაზსადენის სიახლოვეს ძლიერი წყალქვეშა აფეთქებების დაფიქსირდა. მომხდარის შემდეგ ნატომ და ევროკავშირმა ხაზი გაუსვეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მნიშვნელობას.


ნორდსტიმის ინციდენტი დროში ემთხვევა ახალი გაზსადენის გახსნას. ახალმა გაზსადენმა, – რომლითაც ნორვეგიული გაზი პოლონეთს მიეწოდება, – უნდა შეამციროს ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულება მოსკოვზე.

შვედური მედიის თანახმად, 29 სექტემბერს ქვეყნის სასაზღვრო პოლიციამ „ნორდსტრიმის“ გაზსადენის გაჟონვის მე-4 წერტილი აღმოაჩინა.

ჯერჯერობით ევროკავშირს არ დაუსახელებია შესაძლო დამნაშავე გაზსადენის დაზიანებაში. თუმცა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ეს „საბოტაჟია“.

ამერიკული ტელეარხი CNN სამ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ევროპული უსაფრთხოების სამსახურებმა იმ ადგილების სიახლოვეს, სადაც გაზმა გაჟონა, რუსული წყალქვეშა ნავები დააფიქსირეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხად დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამავე ტერიტორიებში „გაცილებით უფრო დიდი წარმომადგენლობა აქვს ნატოს“.

მოსკოვის პოზიციით, მოსაზრება, რომ „საკუთარ მილსადენს დაესხა თავს“, იყო „მოსალოდნელი და სულელური“.

მასალების გადაბეჭდვის წესი