ახალი ამბები

ზაპოროჟიეში საცხოვრებელ სახლებზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა – უკრაინა

9 ოქტომბერი, 2022 •
ზაპოროჟიეში საცხოვრებელ სახლებზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა – უკრაინა

უკრაინაში, ზაპოროჟიეზე 9 ოქტომბრის ღამეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 და დაშავდა 49 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრე სტარუხის განცხადებით, რუსეთმა რეგიონულ ცენტრზე თავდასხმისთვის ტაქტიკური ავიაცია გამოიყენა და წინასწარი ინფორმაციით ზაპოროჟიეს 12 რაკეტა ესროლა.

მისი თქმით, რაკეტების უმეტესობა ქალაქის ერთ-ერთ უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლებს მოხვდა, მათ შორის მრავალსართულიან კორპუსსა და კერძო სახლებს.

ზაპოროჟიეზე თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც და თქვა, რომ დაისჯებიან თავდასხმის ბრძანების გამცემები და შემსრულებლები:

“ისევ ზაპოროჟიე. ისევ დაუნდობელი დარტყმა მშვიდობიან მოქალაქეებზე. საცხოვრებელ სახლზე, შუაღამისას.

ამჟამად 12 დაღუპულის შესახებ არის ცნობილი. 49 დაშავებული კლინიკაშია, მათ შორის 6 ბავშვი.

აბსოლუტური სისასტიკე. აბსოლუტური ბოროტება.

ხალხი კი არა ტერორისტები არიან. ბრძანების გამცემიც დაწყებული, შემსრულებლით დამთავრებული. ისინი პასუხს აგებენ. აუცილებლად. კანონისა და ხალხის წინაშე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი