რუსეთმა ტოკიოს მიერ დაწესებული სანქციების გამო დატოვა იაპონიასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატი.
ასევე, გააჩერა ის ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, რომელიც უკავშირდებოდა სადავო კურილის კუნძულებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ოფიციალურად, იაპონიასა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ არ არის დასრულებული მეორე მსოფლიო ომის დაპირისპირება. მიზეზი კურილის კუნძულებია, რომელზეც კონტროლი საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოიპოვა.
„არსებულ პირობებში, რუსეთს არ სურს გააგრძელოს სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები იაპონიასთან“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ იაპონიას აქვს ღიად არამეგობრული პოზიციები, რომელიც აზიანებს რუსეთის ინტერესებს.
იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება არის „უსამართლო“ და „აბსოლუტურად მიუღებელი“.
„იაპონიამ, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, აუცილებლად უნდა გააგრძელოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები“, – განაცხადა მან.
იაპონიამ ომში მყოფ უკრაინას გაუგზავნა თავდაცვითი სამხედრო აღჭურვილობა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იაპონიამ უცხო ქვეყანას სამხედრო აღჭურვილობა გადასცა.
იაპონია დემილიტარიზირებული სახელმწიფოა. მისი უსაფრთხოების გარანტორი ამერიკის შეერთებული შტატებია.