ახალი ამბები

ჯეიმს კობის ლიცენზია მიანიჭეს, ის სააკაშვილთან შევიდა — ხაჭაპურიძე

8 ოქტომბერი, 2022 • 1012
ჯეიმს კობის ლიცენზია მიანიჭეს, ის სააკაშვილთან შევიდა — ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ამერიკელი ექიმი ჯეიმს კობი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად უკვე შევიდა. ინფორმაცია ხაჭაპურიძემ “ნეტგაზეთს” 8 ოქტომბერს, დაახლოებით 01:00 საათზე დაუდასტურა.

მანამდე, ცენტრ “ემპათიის” დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანის განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ჯეიმს კობის 6-თვიანი დროებითი საექიმო ლიცენზია მიანიჭა.

ჯიშკარიანმა “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ შესაბამისი წერილი 7 ოქტომბრის ღამით მიიღო სააგენტოს დირექტორის მოადგილისგან, კახაბერ შალიკაძისგან. ამავე წერილის თანახმად, ლიცენზია მიიღო კიდევ ერთმა სპეციალისტმა, სტიუარტ ი. ფინკელმაც, რომელიც პროცესში დისტანციურად მიიღებს მონაწილეობას.

“პროფესორი კობი სპინალური მედიცინის სპეციალისტია, ორთოპედ-ქირურგი, ამიტომ იყო საჭირო მისი მოსაზრება”, — დასძენს ჯიშკარიანი.

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კობის დაშვებას პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის უფლებადამცველები არაერთგზის მოითხოვდნენ. სააკაშვილის დედა 7 ოქტომბერს ამბობდა, რომ უკვე თავად ექსპრეზიდენტიც მოითხოვდა მასთან ექიმ კობის დაშვებას.

ცენტრმა “ემპათიამ” ხსენებულ სააგენტოს 2022 წლის 6 ივნისს მიმართა უცხო ქვეყნის სპეციალისტებისთვის – ერიკ გოლდსმიტის, ონდერ ოზქალიფჩის, შახინ ემანუილ ლახანის, ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელისათვის — საქართველოში დროებით, 6 თვით, საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების თხოვნით.

სააგენტოს მაშინდელი გადაწყვეტილებით, ყველა სპეციალისტმა მიიღო შესაბამისი უფლება ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელის გარდა. მათ შემთხვევაში უწყება დამატებით დოკუმენტაციას ითხოვდა.

შალვა ხაჭაპურიძის თანახმად, კობი საქართველოს 8 ოქტომბერს, გამთენიისას დატოვებს.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში, კლინიკა “ვივამედში” მკურნალობს. ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, რომ მისი მდგომარეობა დამძიმებულია.

“გუშინ განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემთვის მისი ნახვა, იმიტომ, რომ ასეთ მდგომარეობაში არასდროს მინახავს. ადამიანი ფეხს ვეღარ ადგამს. ვერ ჭამს, ვერ იღებს საკვებს ადამიანი…” – ამბობდა სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, 7 ოქტომბერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი