ახალი ამბები

ადვოკატი: სააკაშვილს მაღალი ტემპერატურა და წნევა აქვს, საჭმელს ვერ იღებს

6 ოქტომბერი, 2022 • 555
ადვოკატი: სააკაშვილს მაღალი ტემპერატურა და წნევა აქვს, საჭმელს ვერ იღებს

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს მაღალი წნევა და ტემპერატურა აქვს. როგორც ის ამბობს, მსჯავრდებული საკვებს ვერ იღებს, მედიკამენტებზე კი თავად ამბობს უარს:

„ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ დამძიმებულია. ტემპერატურა აქვს 38, წნევა მაღალი. ძალიან ცუდი სურათია ახლა, კვლევები ჩაუტარდება. ტაბლეტებს არ სვამს, საჭმელს ვერ ჭამს. წამლებზე ამბობს, რომ ამ წამლებს შედეგი არ აქვს“, — ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

სააკაშვილის უფლებადამცველები ასევე ელოდებიან ამერიკელი ექიმის, ჯეიმს კობის პაციენტთან დაშვებას. ჯეიმს კობი ერთ-ერთია იმ უცხოელ სპეციალისტებს შორის, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას იკვლევენ. იმისათვის, რომ უცხოელი ექსპერტები სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდნენ, სპეციალური ლიცენზია სჭირდებათ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ამ დრომდე არ გაუცია ექიმ ჯეიმს ჯობიზე.

უწყებაში აცხადებენ, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცენტრმა ,,ემპათიამ“ 2022 წლის 6 ივნისს მიმართა უცხო ქვეყნის სპეციალისტებისთვის – ერიკ გოლდსმიტის, ონდერ ოზქალიფჩის, შახინ ემანუილ ლახანის, ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელისათვის — საქართველოში დროებით, 6 თვით, საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების თხოვნით.

სამინისტროს თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ პროფესიული განვითარების საბჭოს ფორმატში იმსჯელა. სხდომის გადაწყვეტილებით, ცენტრ „ემპათიის“ მიერ მოწვეულ უცხო ქვეყნის სპეციალისტებს, ერიკ გოლდსმიტს სპეციალობაში „ფსიქიატრია“, ონდერ ოზქალიფჩს, სპეციალობაში “სასამართლო მედიცინა” და შახინ ემანუილ ლახანს, სპეციალობაში “ნევროლოგია”, 6 თვის ვადით მიენიჭათ საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ რაც შეეხება ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელის დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების საკითხს, ვინაიდან მათი სამუშაო აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იყო წარმოდგენილი, პროფესიული განვითარების საბჭომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„2022 წლის 3 ოქტომბერს ცენტრ „ემპათიამ“ ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელის საქმიანობასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტები წარადგინა. შესაბამისად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხი განხილული იქნება პროფესიული განვითარების საბჭოს პირველივე სხდომაზე.

დამატებით, საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო არ მსჯელობს პაციენტის ნახვის უფლების გაცემის საკითხზე. სააგენტო, პროფესიული განვითარების საბჭოს ფორმატში, საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების საკითხს განიხილავს“, – აცხადებენ სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი