ახალი ამბები

„ბოდიში არ ტეხავს“ — სეუს სტუდენტებმა უნივერსიტეტთან აქცია გამართეს

7 ოქტომბერი, 2022 • 816
„ბოდიში არ ტეხავს“ — სეუს სტუდენტებმა უნივერსიტეტთან აქცია გამართეს

„საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის“ სტუდენტებმა უნივერსიტეტთან აქცია გამართეს, სადაც ითხოვდენ რექტორთან, გია კავთელიშვილთან შეხვედრას და მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას.

აქციის მონაწილეების თქმით, რექტორი სტუდენტებს სოციალურ ქსელებში ამცირებდა, რასაც პერმანენტული სახე ჰქონდა:

„ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, რომ როგორც ის სოციალურ ქსელებში ახდევინებდა ბავშვებს ბოდიშს და ქუჩის წესებით დადგენილ რაღაცებს აკეთებინებდა მათ, გვინდა, რომ მსგავსად, სახალხოდ მოუხადოს ამ სტუდენტებს ბოდიში“, — ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ლუკა ჭოხონელიძე „მთავარ არხთან“.

„ჩვენ ვითხოვთ რექტორთან შეხვედრას, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პრეტენზიები და ხმა ავიმაღლოთ იმ უსამართლობაზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ხდება“, — თქვა კიდევ ერთმა სტუდენტმა, დავით ჩხობაძემ „მთავარ არხთან“.

სტუდენტების თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველს წერილით უკვე მიმართეს, ახლა კი ომბუდსმენისგან მყისიერ რეაგირებას ელიან. ამასთან, ისინი ითხოვენ პროცესში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართვას:

„სტუდენტების ჩაგვრა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს“, — ამბობს სტუდენტი.

აქციის მონაწილეების თქმით, აქციის გამართვას გეგმავენ განათლების სამინისტროსთანაც.

მთავარი ფოტო: კადრი „მთავარი არხის“ ეთერიდან


რამდენიმე დღის წინ „ბათუმელები“ წერდა, რომ სეუს ერთ-ერთ სტუდენტს, თამარ ლომიძეს ფეისბუკპოსტის გამო სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს. ყოფილი სტუდენტი ყვებოდა, რომ ამას წინ უძღოდა სოციალური ქსელის ჩათში რექტორთან დაპირისპირება.

ნახეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი