ახალი ამბები

ჯენკინსის საპასუხოდ „ოცნება“ „კულისებიდან მეტის გამოტანის“ შესაძლებლობაზე ალაპარაკდა

6 ოქტომბერი, 2022 • 796
ჯენკინსის საპასუხოდ „ოცნება“ „კულისებიდან მეტის გამოტანის“ შესაძლებლობაზე ალაპარაკდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ბონი ჯენკინსის განცხადების შეფასებისას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მეტ კონკრეტიკას ითხოვს.

ბონი ჯენკინსმა შეშფოთება გამოთქვა ბოლო პერიოდში პერსონალური თავდასხმების გამო ელჩ დეგნანზე და საელჩოზე.

„ვინ ესხმისო თავსო?“ — კონტრშეკითხვით მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

„მე როგორც ვხვდები, ამ ბოლო დროის ყველაზე დიდი პრობლემა საინფორმაციო ველზე, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, არის დაუზუსტებლობა და არამკაფიოობა. ვინც არ უნდა გააკეთოს ეს… თუ უფრო მკაფიო არ იქნება და თუ საჭირო გახდება, დეტალებზეც კი არ იქნება საუბარი, მაშინ ზოგადი განცხადებები ყოველთვის იქნება დამაბნეველი.

აქედან გამომდინარე, მე შემიძლია ვთხოვო ნებისმიერს, ჩვენს პარტნიორს, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელს, ასეთი ზოგადი განცხადებების ნაცვლად, ხომ არ სჯობს გავაკეთოთ ერთი განცხადება მაინც, რომელიმე იმ განცხადებაში, რომელსაც ისინი გულისხმობენ, რა იყო ტყუილი? მე არ ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში „ხალხის ძალაზე“, ზოგადად…“, — განაცხადა მდინარაძემ.

დეპუტატის თქმით, ვერ გასცემს პასუხს სხვის, მათ შორის, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლის განცხადებების მოტივაციაზე.

„მე რომ ამის ლაპარაკი მდომოდა, მე ახლა არ ვიქნებოდი „ქართულ ოცნებაში“, ვიქნებოდი „ხალხის ძალაში“. ბევრი რაღაც არის კულისებში, რაზეც ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ ვლაპარაკობთ. და ძალიან ვთხოვ ყველას, ჩვენს მეგობრებს განსაკუთრებით, რომ ჩვენ მიმართ ნუ გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელსაც პასუხად შესაძლოა მოსდევდეს კულისებიდან რაღაცების გამოტანის აუცილებლობა.

არის ბევრი საკითხი, რაზეც შეიძლება დისკუსია გავმართოთ, ერთმანეთთან ვიკამათოთ როგორც მეგობრებმა, როგორც პატრიოტებმა. ჩვენ ვილაპარაკოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ, სტრატეგიულ და უსაფრთხოების ინტერესებზე, მათ თავიანთი გვითხრან. ამის შესახებ გარეთ ლაპარაკს არ ვაპირებთ. რომ ვაპირებდეთ, მაშინ „ხალხის ძალაში“ ვიქნებოდით“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ და დასძინა:

„ყველას ვთხოვ, რომ თავის განცხადებებში ისეთი პათოსი ნუ იქნება, სადაც კულისებიდან მეტის გამოტანის აუცილებლობა და საჭიროება გახდება… ჩვენ ამაზე თავს ვიკავებთ. ვუფრთხილდებით ჩვენს ურთიერთობას“.

მამუკა მდინარაძის თქმით, ის არავის არ აფრთხილებს, არამედ კონკრეტიკას ითხოვს:

„თუკი ქართული საზოგადოება ხედავს, რომ კონკრეტული კითხვები დაისვა და არცერთ მათგანზე კონკრეტული პასუხი არ გაცემულა და იყო ბუნდოვანი და ზოგადი პასუხები, და ამან დატოვა ამ მოვლენების შემდგომი განვითარების სივრცე, მაშინ რა გამოდის? ანუ ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ვუპასუხოთ, რომ კონკრეტიზაცია იქნება გამოსავალი ამ შემთხვევაში?

და თუ ჩვენ — „ქართულ ოცნებაზე“ ვსაუბრობ — არავინ გვაიძულებს, რომ გავიტანოთ კულისებიდან ეს ამბავი, ეს იქნება მხოლოდ კარგი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობისთვის. კულისებში მსოფლიო პოლიტიკაში ბევრი რამე ხდება და ეს არ არის დასაძრახი“.

მამუკა მდინარაძის განცხადების შესახებ ჰკითხეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.

„ზოგადად უამრავი ინფორმაციაა, რაც საზოგადოებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ ჩვენ ამაზე საუბარს არ ვაპირებთ იქიდან გამომდინარე, რომ ვუფრთხილდებით გარკვეულ ურთიერთობებს, მოცემულობას და ინტერესებს, რომლებიც შეიძლება ჰქონდეს არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ პარტნიორებსაც“, — განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს ინფორმაცია „ხალხის ძალამ“ გამოიტანოს, კობახიძემ უპასუხა:

„ისინი რას გამოიტანენ, მე არ ვიცი“.

ამავდროულად, აღნიშნა, რომ რაზეც „ხალხის ძალა“ ღიად საუბრობს, არათუ 100%, არამედ 50%-იც არაა იმ ინფორმაციის, რაც მათ ხელთ აქვთ.

რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებას, კობახიძე ამბობს, რომ ელჩ კელი დეგნანზე თავდასხმის მხოლოდ ორი შემთხვევა ახსენდება — ნიკა გვარამიასგან და ნიკა მელიასგან.

„გამოყენებული იყო ტერმინი თავდასხმა. მე არ მახსენდება არცერთი თავდასხმა ამერიკის ელჩზე, გარდა ორი გამონაკლისისა: ერთი ეკუთვნოდა ნიკა გვარამიას, მეორე — ნიკანორ მელიას. მათ ჰქონდათ, მათ შორის, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, სხვა თავდასხმა მე, უბრალოდ, არ მახსენდება. შესაბამისად, არ ვიცი, ვის გულისხმობდა [სახელმწიფო მდივნის მოადგილე], მას უნდა ჰკითხოთ“, — თქვა კობახიძემ.

„ქართული ოცნებიდან“ გასული, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატები „ხალხის ძალიდან“, ირაკლი კობახიძის აზრით, არც ელჩს ესხმიან თავს და არც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს აზიანებენ.

„ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ისინი თავს ესხმიან ელჩს, აზიანებენ ურთიერთობებს და ა.შ., ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გვექნებოდა გამიჯვნა. მე შეგახსენებთ, რომ მათ დაიწყეს კითხვების დასმით, რომელთაც არ გაეცა პასუხი და ამას მოჰყვა ინტერპრეტაცია. ეს არ არის თავდასხმა.

საქართველო ამაყობს იმით, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება აქტუალურია არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებში. გამოხატვის თავისუფლებას ვერავინ ვერავის შეუზღუდავს. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე ეცდება ამ ადამიანებს — ისინი დღესაც უმრავლესობის წევრები არიან — შეუზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, მათ დაიცავს კონსტიტუცია“, — განაცხადა კობახიძემ.


გასულ პერიოდში, განსაკუთრებით ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მიუღებლობის ფონზე, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, – მათ შორის, ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა, – დაიწყეს კონსპირაციული თეორიის გავრცელება, თითქოს გარკვეულ ძალებს, ქვეყნის შიგნით და გარეთ, „საქართველოს ომში ჩართვა“ სურთ.

მეორე მხრივ, „საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის” მიწოდების საბაბით მმართველი პარტიიდან ოფიციალურად გასულმა დეპუტატებმა უფრო თამამად დაიწყეს საუბარი და განვითარება კონსპირაციისა, რომლის თანახმადაც დასავლეთის ქვეყნებს სურთ, საქართველო ომში ჩაებას.

კელი დეგნანის მიმართ ბრალდებები შეეხებოდა სასამართლოზე ზეწოლასაც.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა, რომლის თანახმადაც:

  • „საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს, რომ ქართველ ხალხს, რომელიც ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდამჭერია, ყურადღება გადაატანინონ ამ მიზნიდან“ და
  • „დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანაზე ან მის გუნდზე შეუსაბამოა იმასთან, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი