ახალი ამბები

ანა დოლიძე მთავრობას რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით პოლიტიკისა და გეგმის წარდგენას სთხოვს

6 ოქტომბერი, 2022 • 863
ანა დოლიძე მთავრობას რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით პოლიტიკისა და გეგმის წარდგენას სთხოვს

პარტიის “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე საქართველოს სამთავრობო უწყებებს მოუწოდებს, საზოგადოებას გააცნონ გეგმა იმ პოტენციურ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ შექმნას. ამის შესახებ მან თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ჩვენ დღეს ვთხოვთ სამთავრობო საემიგრაციო კომისიას, რომელიც თურმე არსებობს მთავრობის დონეზე და არასდროს აქამდე ამ მწვავე საემიგრაციო პრობლემაზე არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია, შემოგვთავაზოს პოლიტიკა და გეგმა შემდეგ სფეროებთან მიმართებით:

  • რუსეთის მოქალაქეები და საგარეო უსაფრთხოების საფრთხე, რომელსაც ისინი წარმოშობენ.
  • რუსეთის მოქალაქეები და შიდა უსაფრთხოების პოტენციური პრობლემები, რომელსაც ისინი წარმოშობენ, მათ შორის პოტენციური ჩართვა კრიმინალში, პოტენციური ეკონომიკური პრობლემები, რომელიც მალე შეექმნებათ, რუსეთის მოქალაქეები და განათლების პრობლემები. მათ ჰყავთ შვილები, ბავშვები და უკვე ითხოვენ განათლების უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე.
  • რუსეთის მოქალაქეები და მოზღვავებული რუსულენოვანი კულტურული ღონისძიებები. ჩვენ ვხედავთ ფართო მასშტაბით გამართულ კულტურულ ღონისძიებებს თბილისში და განსაკუთრებით ბათუმში. დღე არ გავა, რომ არ გაიმართოს რუსულენოვანი კულტურული ღონისძიება და საქართველოს სახელმწიფოს არავითარი წარმოდგენა არ აქვს, რა ტიპის ღონისძიებებია ეს. არადა, გვაქვს ძალიან მტკივნეული გამოცდილება რუსულ ენასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე. რუსულმა ენამ და რუსულმა კულტურამ არაერთხელ ავნო ქართულ ენას და ქართულ ცნობიერებას ისტორიის განმავლობაში”, – განაცხადა დოლიძემ.

მან კულტურის სამინისტროს მიმართა, წარადგინოს შეფასება ქვეყანაში რუსული კულტურის გავრცელებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სამინისტრომ ახლა სწორედ ამ მიმართულებით უნდა იაქტიუროს, რადგან ეს მისი პირდაპირი დანიშნულებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი